ახალი ამბები | , ,

უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

7 ივლისი, 2021 | | 577
უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

დღეს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” ორგანიზებით ჟურნალისტებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, 5 ივლისს “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში:

“მედიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები არ იცავდნენ მათ უსაფრთხოებას და შორიდან ადევნებნენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. სამინისტროს ინფორმაციითვე, ფიზიკურ ძალადობასა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 3 პირია დაკავებული”, — ნათქვამია “ქარტიის” განცხადებაში.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე;
  • დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.

ასევე, მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი