ახალი ამბები

ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა მწერალ ირაკლი კაკაბაძეს სცემეს

7 ივლისი, 2021 •
ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა მწერალ ირაკლი კაკაბაძეს სცემეს

6 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ მდუმარე აქციაზე, სახელწოდებით “თავისუფლებისთვის”, მწერალ ირაკლი კაკაბაძეს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.

ირაკლი კაკაბაძე

როგორც კაკაბაძე ნეტგაზეთს უყვება, პარლამენტის წინ, სცენასთან იმყოფებოდა, როდესაც ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა მუცელში ქვა მოარტყეს. ამის შემდეგ, მწერლის თქმით, პოლიციის კორდონთან მივიდა და მიანიშნა იმ პირებზე, ვინც მისი და სხვა ადამიანების მიმართულებით სხვადასხვა საგანს, მათ შორის ქვებს ისროდნენ. 

კაკაბაძის განცხადებით, სწორედ ამ დროს დაესხნენ  თავს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები და თავში სცემეს, ასევე ჩაუმტვრიეს ოპტიკური სათვალე.

პოეტის განცხადებით, პოლიციას არც ქვების მორტყმის და არც თავდასხმის ნაწილში რეაქცია არ ჰქონია და მხოლოდ მაშინ მიეხმარნენ, როდესაც მოძალადეებმა ძირს წააქციეს. კაკაბაძის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ ადგილზე მხედველობის სათვალის ნაწილებს ეძებდა, რა დროსაც პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდა.

პარლამენტთან მდუმარე აქციაზე 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. გუშინ ძალადობრივი აქციის გამო თბილისი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა, რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.

ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა შორის მართლმადიდებელი მღვდლებიც არიან, დღესაც შეიკრიბნენ და მშვიდობიანი მდუმარე აქციის ჩაშლას ცდილობდნენ.

ისინი მდუმარე აქციის მიმართულებით ქვებს, ბოთლებსა და კვერცხებს ისროდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს ჰყოფდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი