ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

6 ივლისი, 2021 • 831
მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი გუშინ, 5 ივლისს, ძალადობრივი აქციის დროს ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებზე თავდასხმას აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი