ახალი ამბები

მორიგი თავდასხმა ჟურნალისტზე: პარლამენტთან რამდენიმე პირი დააკავეს

6 ივლისი, 2021 • 756
მორიგი თავდასხმა ჟურნალისტზე: პარლამენტთან რამდენიმე პირი დააკავეს

პარლამენტთან, სადაც 20:00 საათზე 5 ივლისს განვითარებული  ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად აქცია უნდა დაიწყოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

როგორც “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე “პალიტრა ნიუსის” ოპერატორს დაესხა თავს. შედეგაც, ოპერატორმა შუბლის არეში დაზიანება მიიღო.

დღეს დაანონსებულ აქციას პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი უერთდება. შეკრება სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

“თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას, თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს, საკუთარ ცხოვრებას და დამოუკიდებლობის წლებში მოპოვებულ მცირედ თავისუფლებას, ხვალ ამას ვეღარ მოვახერხებთ – ქალაქის ქუჩებში მობოგინე საპატრიარქო-ოცნების კოალიცია ჩაგვყლაპავს! გამოდით დღეს, 20:00 საათზე რუსთაველზე, ვაჩვენოთ მათ, რომ ბევრნი ვართ, ბევრნი ვართ ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი არ გვძულს!” — მიმართავენ ორგანიზატორები საზოგადოებას.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი