ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გახელაძის გათავისუფლებაზე რუსეთის საპატრიარქოდან პასუხი ჯერ კიდევ არაა

6 ივლისი, 2021 • 1221
გახელაძის გათავისუფლებაზე რუსეთის საპატრიარქოდან პასუხი ჯერ კიდევ არაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მიერ რუსეთის საპატრიარქოში გაგზავნილ წერილზე, რომელიც ცხინვალში დატყვევებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნას ეხება, პასუხი კვლავაც არ არის.

წერილის გაგზავნიდან დაახლოებით 2 კვირა გავიდა.

“გახელაძესთან დაკავშირებით პასუხს ველოდებით”, — განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს საპატრიარქოში.

“მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედივნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ”, – წერია ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქის კირილესთვის გაგზავნილ წერილში.

23 ივნისს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა სოფელ ქვემო ჭალაში დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმეს, რადგან, როგორც თავადვე განაცხადეს, ქართული საპატრიარქოდან მიიღეს ცნობა, რომ ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს დატყვევებულის გათავისუფლების თხოვნის წერილით მიმართა.

ზაზა გახელაძის მამამ ასევე შეცვალა მანამდე გაცხადებული გადაწყვეტილება და არ გადაკვეთა გამყოფი ხაზი. მანამდე იგი აცხადებდა, რომ გამყოფი ხაზის გადაკვეთას აპირებდა, რათა ისიც დაეკავებინათ და იმავე საპყრობილეში მოხვედრილიყო, სადაც მისი შვილი იმყოფება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ზაზა გახელაძის მეუღლეს, ირმა ბუთხუზს, რომლის განცხადებითაც, ამ დრომდე მეუღლის გათავისუფლების შესახებ არავითარი სიახლე არ არის.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა საპროტესტო აქციის კვლავ ჩატარება, ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ “ჯერ აქცია არ იგეგმება.”

ზაზა გახელაძე შარშან სოფელ ქვემო ჭალაში დააკავეს. მას “საზღვრის” უკანონო კვეთისა და სამხედრო პირის მკვლელობის მცდელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი