ახალი ამბები

“ამნესთი” ხელისუფლებას აკრიტიკებს და 5 ივლისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებს

6 ივლისი, 2021 • 1217
“ამნესთი” ხელისუფლებას აკრიტიკებს და 5 ივლისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესთი ინთერნეიშენალი” (Amnesty International) საქართველოს ხელისუფლებას პრაიდის კვირეულის უსაფრთხოების არასაკმარისი დაცვის გამო აკრიტიკებს და მოუწოდებს, გამოიძიოს 5 ივლისს თბილისის ცენტრში ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობა.

ორგანიზაცია აღნიშნა, რომ ძალადობრივი მოქმედებები იყო სამწუხარო და ამავე დროს, პროგნოზირებადი.

“საქართველოს ხელისუფალნი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ არ უზრუნველყვეს მათი უსაფრთხოება, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება.

იმის ნაცვლად, რომ დაეგეგმა მიმდინარე პროცესი და ძალადობისთვის შესაბამისად ეპასუხა… მთავრობამ გამოიყვანა არაადეკვატურად მცირე რაოდენობის პოლიცია, რომელიც მხოლოდ ძალადობრივ თავდასხმებზე რეაგირებდა იმის მაგივრად, რომ ორგანიზებულად დაეცვათ ლგბტი აქტივისტები”, — აღნიშნავს დენის კრივოშეევი, ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ის ასევე დასძენს, რომ ხელისუფლება შეეცადა, ჰომოფობიურ ძალადობაზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებისთვის დაეკისრებინა, როცა მათ მოუწოდა, გაეუქმებინათ ღონისძიება.

“ისინი[ხელისუფალნი] ასევე მუდმივად ვერ ახერხებენ, შესაბამისად გამოიძიონ ძალადობრივი ინციდენტები და პასუხისგებაში მისცენ ეჭვმიტანილნი”, — აღნიშნავს კრივოშეევი.

ორგანიზაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ჰომოფობიაზე რეაგირების კუთხით კიდევ ერთი წარუმატებლობა საშიში მესიჯი იქნება მოძალადეებისთვის:

“ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდა დაგმონ ძალადობა ლგბტი ადამიანებისა და პრაიდის ორგანიზატორების წინააღმდეგ; ნათლად თქვან, რომ ასეთი ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ის არ იქნება შეწყნარებული. მათ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ მსგავსი თავდასხმები და პასუხისგებაში მისცენ ეჭვმიტანილები, სამართლიანი სასამართლო პროცესების პირობებში.

ჰომოფობიურ ძალადობაზე რეაგირების კუთხით კიდევ ერთი წარუმატებლობა ხელს შეუწყობს დაუსჯელობას და ეს იქნება საშიში მესიჯი, რომ ასეთი თავდასხმები შეწყნარებულია, რაც გზას გაუხსნის შემდგომ ძალადობას ლგბტი ადამიანების, აქტივისტებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ”.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი