ახალი ამბები

ჟურნალისტები და ჩინოვნიკები – სატელევიზიო ფლირტი

18 მარტი, 2010 •
ჟურნალისტები და ჩინოვნიკები – სატელევიზიო ფლირტი

პირველი არხის რეინკარნაციის შემდეგ ქართულ ტელესივრცეში კიდევ ერთი ლოზუნგი დაიბადა. თუ აქამდე გვქონდა `გამარჯვებული ხალხის ტელევიზია~, ახლა `ბედნიერი ხალხის ტელევიზიაც~ გვაქვს, სადაც ყველაფერი ვარდისფერი და მშვენიერია, ისე როგორც პრიალაყდიან ჟურნალში. მაგრამ ახლა ამაზე არა, ჩვენს სხვა `ტკივილზე~, აჭარის ტელევიზიაზე მინდა ვთქვა, რომელიც, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა პირველი არხის ფილიალი აჭარაში. ტელევიზიის დაარსების დღიდან ამ დრომდე მზიურ აჭარაში ცხოვრება საამური და ვარდისფერია, ხალხიც ბედნიერი და კმაყოფილი.

ისე, კაცმა რომ თქვას, რა არის ცუდი იმაში, რომ რეგიონში არაკომერციული არხი არსებობდეს, რომელიც ყველა ინტერესისაგან დაცულ, ობიექტურ ინფორმაციას მოგვაწვდის, ჩვენ ხომ ფულს სწორედ ამაში ვიხდით?! იდეა მშვენიერია, მაგრამ… ეჭვი მაქვს, რომ განუხორციელებელი. ტელევიზია, რომელიც თქვენი და ჩემი გადასახადებით შემდგარი ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას იღებს, ყველა დროში, ყველა მთავრობაში, მხოლოდ ჩინოვნიკების ინტერესებს ემსახურება.

გეთანხმებით, რომ ახალი არაფერი არ აღმომიჩენია, უბრალოდ, ახალი წლის პირველ დღეებში ამ ტელევიზიის გულწრფელობამ `გამაოცა~. ჯერ იყო და საახალწლო ღამეს ტელევიზიამ გვაჩვენა თუ რა კარგად ცეკვავენ და ილხენენ ავტონომიური რესპუბლიკის მაღალჩინოსნები ქართული ესტრადის ვარსკვლავების დაკრულზე. `სან-რემოშო~ გამართულ ლხინს არც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები აკლდნენ.

ისე, ცნობისთვის, ჩვენი ესტრადის ერთი საშუალო სიკაშკაშის ვარსკვლავის ჩამოყვანა ხუთასიდან ათას დოლარამდე ღირს. ამ თანხაში ვარსკვლავი სამ სიმღერას შეგისრულებთ, მერე თუ სასმელი მოეძალა და კარგ ხასიათზე დადგა, შეიძლება ბონუსის სახით კიდევ ერთი სიმღერაც შეასრულოს.

მართალი გითხრათ, ასე არ დავწვრილმანებულვარ და არ დამითვლია ზუსტად რამდენი სიმღერა შეასრულეს მომღერლებმა.

რა შეიძლება მქონდეს მოლხენისა და ცეკვა-სიმღერის საწინააღმდეგო, მითუმეტეს ახალი წლის დღეებში, მაგრამ როგორი სანახავია ჩინოვნიკები და ჟურნალისტები ბიუჯეტში შეტანილი თქვენი ფულით რომ ერთობიან? სამაგიეროდ, საახალწლო ღამეს ამის ყურება უფასოა ჩვენთვის, ან რას ნახავს თვალი უკეთესს, დარწმუნებული ვარ მთელი წელი იმის `სურვილი გკლავდათ~, მინისტრების, დეპარტამენტის თავმჯდომარეებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების გართობა და ქორეოგრაფიული მონაცემები ახალი წლის ღამეს გენახათ.

ჩინოვნიკებისა და ჟურნალისტების ჩვენთვის მომზადებული ზეიმი ამით არ დასრულებულა. ბედობა დღეს, აჭარის ტელევიზიამ ჟურნალისტებისა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების თანამშრომლობა და სიყვარული დაგვაბედა. რესტორან `სან-რემოში~, საზეიმო წითელი ხალიჩის გავლით, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ჩინოვნიკებმა დააჯილდოვეს. არა, საჩუქრები მათ არ შეუძენიათ, საჩუქრების შეძენა აჭარაში მოქმედმა სხვადასხვა კომერციულმა ორგანიზაციებმა იკისრეს. ჩინოვნიკებმა, უბრალოდ, კონვერტი გახსნეს და ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელეს. ერთი სიტყვით, მათი ინტერესების დამცველი საუკეთესო თანამშრომლები გამოავლინეს და თვალნათლივ გვაჩვენეს, რომ აჭარის მთავრობა და აჭარის ტელევიზია ერთი მთლიანი ორგანიზმია.

დაჯილდოების ცერემონიალი ამჯერად მუსიკალურად მოკრძალებულად იყო გაფორმებული, _ მხოლოდ სამი-ოთხი ვარსკვლავი. სამაგიეროდ, მაგიდებს შორის საუკეთესო სადღეგრძელოს გამოსავლენი კონკურსი ჩატარდა, ჟიური კი მერაბ კარანაძის, ასმათ და თემურ დიასამიძეებით იყო დაკომპლექტებული. სანახაობა დიდი ვერაფერი, სამაგიეროდ გავიგეთ, რომ ეს ჩინოვნიკები ექსპერტები არიან, სადღეგრძელოების.
ერთი სიტყვით, ძალიან `ამაღლებული~ განწყობა შემიქმნა აჭარის ტელევიზიის საახალწლო გადაცემებმა. მახსოვს, ორი-სამი წლის წინ ამ ტელევიზიამ საახალწლოდ ჟურნალისტებისა და ჩინოვნიკების მიერ შესრულებული დუეტები მოგვასმენინა. როგორც ვხედავთ, ტრადიცია არ ირღვევა. ახლა ვიცით, რა ინფორმაციას უნდა ველოდეთ ამ ტელევიზიისგან. მაღალჩინოსანთან ერთად რომ მოილხენ, იცეკვებ და იფლირტავებ, აბა რა ხელი თუ კამერა მოგიბრუნდება, რომ მიუკერძოებელი იყო.

ისე საინტერესოა, აჭარაში მცხოვრებმა რამდენმა ადამიანმა ნახა ეს გადაცემები. აზრის გამოთქმა რამდენიმეს ვთხოვე. მითხრეს, რომ მათ გადაცემა არ უნახავთ. როგორც ჩანს, ბედნიერი ხალხის ტელევიზიის რჩევა გაითვალისწინეს და, უბრალოდ, გადართეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი