ახალი ამბები

ღარიბაშვილი უნდა გადადგეს – კრამერი

5 ივლისი, 2021 • 2802
ღარიბაშვილი უნდა გადადგეს – კრამერი

„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არა მარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის, რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, – აცხადებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

„ჩვენ [შეერთებულ შტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა“, – აცხადებს კრამერი ამერიკის ხმის ინფორმაციით.

მომხდარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელიც. „დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება მათი საქმიანობის შესრულებისას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“,- წერს ის.

„კადრები თბილისიდან საშინელი სანახავია. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა თავისი ვალდებულების შესრულება, დაეცვა მისი მოქალაქეების თანასწორი უფლება შეკრების და სიტყვის თავისუფლების კუთხით.

ეს გავლენას იქონიებს ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციასა და პროგრესზე“ , – ამბობს ჯეიმს კირჩიკი, „ბრუკინგსის ინსტიტუტის“ მკვლევარი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

შსს-ს ცნობით, დღეს, 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა 55 ადამიანზე იძალადეს, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანი დააკავა, თუმცა სისხლის სამართლის წესით ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი