ახალი ამბები

იცვლება თუ არა საქართველოში შემოსვლის წესი? — გაუგებრობა სახელმწიფო უწყებებში

2 ივლისი, 2021 • 1606
იცვლება თუ არა საქართველოში შემოსვლის წესი? — გაუგებრობა სახელმწიფო უწყებებში

საქართველოს საელჩოებმა საფრანგეთსა და უკრაინაში ჯერ გაავრცელეს, შემდეგ კი წაშალეს ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოსვლის წესის შეიცვალა და საჰაერო საზღვრის კვეთისას ვაქცინირებული პირები ვალდებულები იქნებიან, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც წარმოადგინონ.

დღეს მოქმედი რეგულაციით, სრულად ვაქცინირებულ პირებს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენა მხოლოდ სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას ევალებათ.

“5 ივლისიდან, საჰაერო საზღვრის კვეთისას ვაქცინირებული პირები ვალდებულნი იქნებიან კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი”, — იტყობინებოდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ 1-ელ ივლისს Facebook-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც მალევე წაიშილა.

უკრაინაში საქართველოს საელჩომ კი მის მიერ გამოქვეყნებული იდენტური ტექსტი ცოტა ხნის წინ წაშალა.

საქართველოში შემოსვლის წესის ცვლილების შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” არ დაუდასტურეს საქართველოს მთავრობაში და ჯანდაცვის სამინისტროში. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ საელჩოებისთვის მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნების მითითება არ მიუციათ. სახელმწიფო უწყებებში ვერ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა წესის ცვლილება და რატომ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია საელჩოების მიერ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ, მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე 144-ზე “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ახალი რეგულაცია ნამდვილად უნდა ამოქმედებულიყო 5 ივლისიდან, თუმცა დროებით შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი