ახალი ამბები

ქუთაისის მერია ღია ცის ქვეშ კონცერტის ჩატარებას აპირებს

2 ივლისი, 2021 •
ქუთაისის მერია ღია ცის ქვეშ კონცერტის ჩატარებას აპირებს

ქუთაისის მერია ანსამბლ “ქუჩის მუსიკოსების” (ხელმძღვანელი გიორგი ბაღაშვილი) კონცერტში 10 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. მერია მუსიკოსების მომსახურებას გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში შეიძენს, თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ნებართვას მისცემს.

სახელმწიფო ტენდერების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტი 2021 წლის 8 ივლისს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

“ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ მთელს საქართველოში და მათ შორის ქუთაისში თავისი მაღალი საშემსრულებლო ხელოვნებით. ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დიდი ხანია ჩვენს ქალაქში არ ჩატარებულა მსგავსი ღონისძიება, მოუთმენლად ელის მონატრებული მსმენელი საყვარელ შემსრულებლებთან შეხვედრას”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში შესყიდვის დასაბუთებისას.

„ქუჩის მუსიკოსები“ ქუთაისში შემდეგი შემადგენლობით წარსდგებიან – ხვიჩა მაღლაკელიძე, მერაბ სამყურაშვილი, გუჯა მარდალეიშვილი, გიორგი ღაღაშვილი, გია დავითიანი , ბორის ბერდია, ბესო ბერულაშვილი, ჯგუფს ხელმძღვანელობს გია ბაღაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი