ახალი ამბები

ივნისში წლიური ინფლაციის დონე 9.9 პროცენტია – საქსტატი

2 ივლისი, 2021 • 950
ივნისში წლიური ინფლაციის დონე 9.9 პროცენტია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან [მაისთან] შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9 პროცენტი შეადგინა.

ბოლო ერთ წელიწადში ქვეყანაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა ჯამში 8.8 პროცენტით, ტრანსპორტი – 22 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვა 11.6 პროცენტით, ხოლო კომუნალური გადასახადები – 10.5 პროცენტით.

ინფლაციის პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მომსახურებისა და პროდუქციის ჯგუფების შესაბამისად/საქსტატი

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი – 47.1 პროცენტი;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 16.6 პროცენტი;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7 პროცენტი;
  • თევზეული – 11.1 პროცენტი;
  • რძე, ყველი და კვერცხი – 10.6 პროცენტი;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 7.3 პროცენტი;
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 7.2 პროცენტი;
  • პური და პურპროდუქტები – 5.5 პროცენტი;
  • ხორცი და ხორცისპროდუქტები – 5.3 პროცენტი;

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-19.5 პროცენტი);

წლიური ინფლაცია საქართველოში 2019-2021/საქსტატი

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია 3 პროცენტია, რაც თითქმის 7 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ მონაცემს.

ინფლაციაზეა დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად იგი 9.5 პროცენტია. რეფინანსირების მომდევნო განაკვეთი 4 აგვისტოს განისაზღვრება. როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, მასზე დამოკიდებულ, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებს აძვირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი