ნეტგაზეთი | წალკის მუნიციპალიტეტის FB გვერდით მოქალაქეს “იმბეცილი” უწოდეს წალკის მუნიციპალიტეტის FB გვერდით მოქალაქეს “იმბეცილი” უწოდეს – Netgazeti
Batumelebi | RU

წალკის მუნიციპალიტეტის FB გვერდით მოქალაქეს “იმბეცილი” უწოდეს

წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუკ გვერდით მოქალაქეს, რომელმაც მერია საბავშვო კონცერტში გახარჯულ თანხის გამო გააკრიტიკა, იმბეცილი უწოდა.

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდით დაწერილი კომენტარები წაშლილია, თუმცა TV4 კომენტარების სქრინებს ავრცელებს:

“ახალგაზრდავ, იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე, კორექტულობა გმართებს, თუ არ გასწავლეს ზრდილობა? არადა ვიცი, რომ სვანები მითუმეტეს, გაბულდანები ძალიან კარგი და ზრდილობიანები არიან, ასე რომ შენზე უფროსი ხალხი ასე არ უნდა ლანძღო, ბოდიში,” — ასე უპასუხა წალკის მერიამ კონსტანტინე გაბულდანს, რომელმაც “მთავარი არხის” სიუჟეტი გააზიარა წალკის მუნიციპალიტეტის გახარჯულ თანხებზე.

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე კონცერტში 15 000 ლარის დახარჯვა იდიოტიზმად მიაჩნდა:

“ეს არის სრული იდიოტიზმი, ამდენი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე რომ 15 000 ლარს ხარჯავენ კონცერტში. წალკის მუნიციპალიტეტი / municipality of tsalka თქვე იმბეცილებო! წყლის პრობლემა ვერ მოგიგვარებიათ, რა გეკონცერტებათ” – წერდა კონსტანტინე გაბულდანი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, “ნეტგაზეთი” წალკის მერს დაუკავშირდა. ილია საბაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაფერს გაარკვევს და შესაბამისი რეაგირება ექნება იმ პირზე, რომელმაც მოქალაქეს ასეთი პასუხი გასცა:

“გავარკვევთ ამ ყველაფერს და რეაგირება მოხდება იმ პიროვნებაზე რომელმაც ასეთი სიტყვა იხმარა და გასცა პასუხი.  ის ადამიანი ახალგაზრდა იყო, როგორც ჩათვალა ისე დაწერა, მაგრამ რეაგირება არ უნდა მომხდარიყო მერიის მხრიდან ასეთი” — უთხრა ილია საბაძემ “ნეტგაზეთს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.