ახალი ამბები

სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული მუშაობისთვის ახალი სისტემის დანერგვა იგეგმება – კალაძე

30 ივნისი, 2021 • 2094
სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული მუშაობისთვის ახალი სისტემის დანერგვა იგეგმება – კალაძე

წყალდიდობის რისკებისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციისთვის საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს საგრანტო პროგრამის დაფინანსებით, თბილისში სპეციალური სისტემის შექმნა და დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

“პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ დედაქალაქში შეირჩეს კონკრეტული ტერიტორიები, შემდეგ შევისწავლოთ ისინი, გავაკეთოთ ანალიზი და დავგეგმოთ ინოვაციური ტექნოლოგია სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული ექსპლუატაციისთვის.

ტექნიკური სამუშაოები ითვალისწინებს ისეთი კომპონენტების შესწავლა-დიაგნოსტირებას და მოდელირებას, როგორიცაა მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია და წყლის ხარისხი, შემდგომში კი მტკვრის დაბინძურების საპრევენციოდ მდინარეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდება ფრანგულ საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიასთან, რაც ლოჯისტიკური და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს. შემდგომ კი ეს მეთოდი ქალაქის სხვადასხვა ძირითად სექტორში დაინერგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი