ახალი ამბები

კვების ობიექტების, კლუბებისა და გასართობი ცენტრების დახმარებაზე 4 მლნ დაიხარჯა – მერია

29 ივნისი, 2021 • 706
კვების ობიექტების, კლუბებისა და გასართობი ცენტრების დახმარებაზე 4 მლნ დაიხარჯა – მერია

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2020 წლიდან დღემდე მერიის ბიუჯეტიდან რესტორნების, ღამის კლუბებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების დასახმარებლად 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. საუბარია მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი ფართის ქირის გადავადებასა და დასუფთავების ხარჯების შემცირებაზე, რითაც მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ათასმა კომპანიამ ისარგებლა.

“ეკონომიკური სექტორისთვის არაერთი საშეღავათო პაკეტი დაწესდა, რომლითაც ისარგებლა რამდენიმე ათასმა სუბიექტმა. ძირითადად ეს არის საიჯარო ქირების გადავადება და ჩამოწერა, სანქცია-საურავების, პირგასამტეხლოს დაკისრების შეჩერება. ზოგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მთლიანად ჩამოწერა. ასევე, დასუფთავების მოსაკრებლის შემცირება. მათ შორის კვების ობიექტებს მსგავსი მოსაკრებელი 8-ჯერ შეუმცირდათ. პოსტპანდემიურ პერიოდში ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა
ამოქმედდა რესტორნების, კვების ობიექტების, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო ინდუსტრიის სუბიექტების, ბავშვთა დაბადების დღისა და გასართობი ცენტრებისთვისაც. ამ პროგრამის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4 200 000 ლარს, რომელიც პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გადაირიცხა“,-განაცხადა ხმალაძემ.

მერიის ცნობითვე, 700 მოიჯარე გათავისუფლდა 3 მილიონამდე ლარის საიჯარო ქირის გადასახადისგან. 155 ღია კაფეს მფლობელი გათავისუფლდა დაახლოებით 1.3 მლნ ლარის საიჯარო გადასახადისგან. ამას გარდა, 500-მდე მოიჯარეს 2020 წლის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება გადაუვადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი