ახალი ამბები

მოსამართლე ითხოვს, ჯანმრთელობის გამო გათავისუფლებულ მოსამართლეებს პენსია დაენიშნოთ

29 ივნისი, 2021 • 782
მოსამართლე ითხოვს, ჯანმრთელობის გამო გათავისუფლებულ მოსამართლეებს პენსია დაენიშნოთ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ომარ ჯორბენაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების შემთხვევაში მოსამართლეს, უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდანვე, დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია მოქმედი მოსამართლის ხელფასის 2/3-ის ოდენობით.

მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლეს პენსია გარკვეული ოდენობით ენიშნება მხოლოდ 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, რაც საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, ამ ასაკამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გათავისუფლებულ მოსამართლეს სოციალურად დაუცველს ტოვებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შშმ პირის სტატუსი არ დაუდგინდა.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი განმარტებით ბარათში საკუთარ მაგალითზე წერს, რომ 1998 წლის ოქტომბრიდან დღემდე უწყვეტად მუშაობს მოსამართლედ, აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები და ამ მიზეზით გათავისუფლების შემთხვევაში 15 წელი უნდა ელოდოს საპენსიო ასაკის მიღწევას, რომ დღეისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული კომპენსაცია, არაუმეტეს 560 ლარისა, მიიღოს მაშინ, როცა “ამ თანხის მხოლოდ მედიკამენტები ესაჭიროება”.

განმარტებითი ბარათის თანახმად, დღემდე არცერთი მოსამართლე არ გათავისუფლებულა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება დიდ ფინანსურ უზრუნველყოფასთან არ იქნება დაკავშირებული.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი