ახალი ამბები

მოსკოვში ყალბ კოვიდ პასპორტებს $25-ად აკეთებენ — ჟურნალისტური გამოძიება

29 ივნისი, 2021 • 1797
მოსკოვში ყალბ კოვიდ პასპორტებს $25-ად აკეთებენ — ჟურნალისტური გამოძიება

მოსკოვში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები სულ უფრო მატულობს, მოქალაქეები ვაქცინაციის დამადასტურებელ ყალბ მოწმობას 25 აშშ დოლარად ყიდულობენ. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება  Washington Post-მა გამოაქვეყნა.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ სერვისის სფეროს წარმომადგენლები მოსკოვში აუიცლებლად უნდა აიცრან. ამის პარალელურად კი, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებები ამბობენ, რომ ინფიცირების ახალ შემთხვევების დიდი ნაწილი კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტზია.

როგორც გამოცემა წერს, შავ ბაზარზე ვაქცინაციის ყალბი მოწმობის მოთხოვნა ასევე გაზარდა იმ გარემოებემაც, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდა ისეთი პროფესიების ადამიანებისთვისაც, როგორებიც არიან მასწავლებლები, მძღოლები და სხვა.

ამასთანავე, ორშაბათიდან ამოქმედებული რეგულაციებით, მოქალაქეებმა, რომლებიც კაფე-ბარებს სტუმრობენ, უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი QR კოდი ან უახლოეს 3 დღეში PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

Washington Post-ს წყარომ გაუზიარა ინსტაგრამის პირადი მიმოწერა, სადაც მას 25 აშშ დოლარის სანაცვლოდ კოვიდ პასპორტს სთავაზობდნენ. ამ თანხის გარდა, ყალბი დოკუმენტების გასაკეთებლად მოქალაქეებს პირად ინფორმაციას სთხოვენ.

ივნისისთვის,  ფორბსის თანახმად , რუსეთში 500-მდე ახალდარეგისტრირებული დომეინი იპოვეს, რომელიც ტელეგრამსა და ე.წ. დარქ ვების  ფორუმებზე ყალბ პასპორტებს ყიდდა.

ამჟამად საქართველოში მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეს ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უცხოელმა უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

რუს ტურისტებზე კითხვის პასუხად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს, 29 ივნისს თქვა, რომ შესაძლოა, ვაქცინირებულ ტურისტებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხიც მოსთხოვონ, თუმცა, ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბოლო მონაცემებით, საქათველოში კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა, თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნიდან იყვნენ ისინი შემოსულები და იყვნენ თუ არა ვაქცინირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი