თურქული საფეხბურთო კლუბ “გალათასარაის” ნახევარმცველი მას შემდეგ არის როგორც ჰომოფობიური, ისე მხარდამჭერი გზავნილების ადრესატი, რაც სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტო გააზიარა ლგბტ პრაიდის თემატური მაისურით. თაილან ანთალიალის ამ აქტივობას გამოეხმაურნენ ადამიანები სპორტული წრეებიდან, სხვა მოქალაქეებთან ერთად.
ფეხბურთელმა ზემოხსენებული ფოტო 27 ივნისს გააზიარა. მას თეთრი მაისური აცვია ფერადი წარწერით “Powered by Pride” (სიამაყით სავსე). ანთალიალის ეს ქმედება არაერთმა ადამიანმა მწვავედ გააკრიტიკა და თურქეთის ეროვნული ნაკრებიდან მისი მოხსნაც მოითხოვა.
მოთხოვნას შეუერთდნენ ერთ-ერთი თურქული სპორტული ტელეკომპანიის კომენტატორები, რომელთაც პირდაპირ ეთერში თქვეს, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი თავისი ქვეყნის ღირებულებებს, ანთალიალი კი “არ უნდა იქცეს ცუდ მაგალითად” ბავშვებისთვის.
უარყოფითი გზავნილების ფონზე, სოციალურ მედიაში მალევე დაიწყო ფეხბურთელის მხარდამჭერი კამპანია.
“მე, როგორც გალათასარაის გულშემატკივარი, ვამაყობ მისი სიმამაცით. ვულოცავ ჩემს ძმას, თაილანს, რომელიც არ ეწევა ხალხის მარგინალიზებასა და პოლარიზებას, არ უერთდება რასიზმსა და ფაშიზმს”, — ციტირებს BBC ტელეკომპანია Galatasaray TV-ს წამყვანს.
ფეხბურთელს სოლიდარობა კოლეგებმაც გამოუცხადეს. მათ შორისაა კლუბ ბეშიქთაშის ფეხბურთელი უმუთ ნაირი, რომელმაც სოციალურ ქსელში ანთალიალის ფოტო განათავსა, ეროვნული ნაკრებიდან მისი მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით კი იხუმრა, რომ არც თავად მიუწვევიათ ნაკრებში.
ამ დისკუსიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 26 ივნისს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა სტამბოლის პრაიდი, რომლის ჩატარებასაც, ბოლო წლებია, ხელისუფლება კრძალავს. მედიის თანახმად, დააკავეს 20-მდე ადამიანი, რომელთაც ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება სურდათ.
თურქეთის ლგბტ ადამიანები ხელისუფლების ხისტი პოლიტიკისა და სიძულვილის ენის სამიზნე ხშირად ხდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ მათ “გარყვნილები” უწოდა, პრეზიდენტმა ერდოღანმა კი თავისი პარტიის ახალგაზრდები იმის გამო შეაქო, რომ, როგორც თავად ამბობს, არ განეკუთვნებიან ლგბტ თემს.