ახალი ამბები

გერმანიაში დანით თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

26 ივნისი, 2021 •
გერმანიაში დანით თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიის ქალაქ ვიურცბურგში მომხდარ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, უფრო მეტი კი — დაშავდა. პარასკევს მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდა დანით შეიარაღებული კაცი, რომელიც გამვლელებს უმისამართოდ ესხმოდა თავს. ის უკვე დაკავებულია.

ბავარიის რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაშავებულია 5 ადამიანი, ზოგიერთის შემთხვევაში კი დაზიანებები ძალიან მძიმეა და ბუნდოვანია, მოხერხდება თუ არა მათი გადარჩენა. როგორც AP უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, დაშავებულებს შორისაა 11 წლის ბიჭი, რომლის მამაც, სავარაუდოდ, თავდასხმისას დაიღუპა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, ქალაქის ცენტრში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 24 წლის სომალელი კაცია, რომელიც ვიურცბურგში 2015 წლიდან ცხოვრობდა: იმ დროიდან, როცა გერმანიამ გახსნა საზღვრები ომსა და სხვა პრობლემებს გამოქცეული, მილიონზე მეტი ლტოლვილისა და მიგრანტისთვის. უწყების თანახმად, კაცი გასულ თვეებში ძალადობრივ მოქმედებებში იყო შემჩნეული და სავალდებულო ფსიქიატრიულ დახმარებას იღებდა.

სანამ დააკავებდნენ, პოლიციამ თავდამსხმელი ფეხში დაჭრა. ოფიციალური პირების თანახმად, ამ ეტაპზე, თავდასხმის მოტივი დადგენილი არ არის.

პოლიცია აღნიშნავს, რომ სხვა თავდამსხმელზე ინფორმაცია არ არსებობს და საფრთხე უკვე მოხსნილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი