ახალი ამბები

ზედმეტი აპელირება და აჟიოტაჟი მიმაჩნია არასწორად – ღარიბაშვილი “პრაიდთან” დაკავშირებულ კითხვებზე

25 ივნისი, 2021 • 2067
ზედმეტი აპელირება და აჟიოტაჟი მიმაჩნია არასწორად – ღარიბაშვილი “პრაიდთან” დაკავშირებულ კითხვებზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს მხოლოდ შეხსენების შემდეგ უპასუხა. პარლამენტში მოსმენისას მან თქვა, რომ კანონით ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია, საკითხის ამგვარად “გამოყოფა” კი დისკრიმინაციაა.

პრაიდთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ღარიბაშვილს “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ხათუნა სამნიძემ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ სთხოვეს.

თამარ კორძაიამ ღარიბაშვილის ჰკითხა, თუ იყო მზად, რომ “თბილისი პრაიდისთვის” მხარი დაეჭირა.

“პერსონალურად თქვენ თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას, როგორც პრემიერი, რომ თქვენი მისვლა “თბილისი პრაიდის” “ღირსების მარშზე” უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას ჭეშმარიტად? თუ ხართ მზად, რომ მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ”, – ჰკითხა კორძაიამ პრემიერს.

ხათუნა სამნიძემ კი ღარიბაშვილს სთხოვა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან მიეცა ადამიანებისთვის გარანტია, რომ მათი კონსტიტუციური უფლება დაცული იქნებოდა.

“5 ივლისს დაგეგმილია ღირსების მარში, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან უამრავი, ძალიან სახიფათო განცხადება კეთდება. მინდა, რომ თქვენ ამ მნიშვნელოვანი ტრიბუნიდან თითოეულ ადამიანს მისცეთ გარანტია, რომ ისინი დაცულები იქნებიან ამ დროს და ის მუქარები, რომლებიც ისმის, ვერაფერს დააკლებს ამ ადამიანებს და, პირველ რიგში, დაიცავთ კონსტიტუციას. თუ შეიძლება, ამ ტრიბუნიდან გვითხრათ თქვენი პირადი დამოკიდებულება და მზაობა, რომ დაიცავს სახელმწიფო ადამიანებს”, – განაცხადა სამნიძემ.

მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდზე” კითხვებს თავი აარიდა. ხათუნა სამნიძემ კვლავ შეახსენა მის მიერ დასმული კითხვა და კიდევ ერთხელ მიმართა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრს, ადამიანებისთვის გარანტია მიეცა.

“ბატონო პრემიერო, არ ველოდი, თუ გამოტოვებდით ჩემს შეკითხვას. როგორც ვიცი, ჰომოფობი არ ბრძანდებით. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, აქამდე რაც გვისაუბრია. გამიკვირდა, რომ ამ ტრიბუნიდან ერთი ფრაზა ვერ თქვით, რომ თითოეული მოქალაქის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული.

ევროპული, ტოლერანტული, მულტიკულტურული, მრავალფეროვანი ქვეყნის პრემიერი ხართ, როგორც ამბობდით. ასეთ ქვეყანაში არ უნდა გეშინოდეთ ტრიბუნიდან თქვათ, რომ მე დავიცავ კონსტიტუციას. პრემიერი ხართ და კონსტიტუციის დაცვა თქვენი ვალია. ამის თქმა არ მგონია, რომ უნდა გიჭირდეთ.

ძალიან გთხოვთ, მიეცით ამ ადამიანებს გარანტია, რომ ისინი დაცული იქნებიან შეკრების დროს. ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება და ჩვენ, პოლიტიკოსები, ვალდებული ვართ, დავიცვათ ეს ადამიანები მუქარებისგან”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ, რის შემდეგაც ღარიბაშვილმა თქვა:

“შეკითხვა უბრალოდ გამომრჩა. შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა ვმუშაობდით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე, მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ჩემს დროს იქნა აღნიშნული კანონი მიღებული. ამავე დროს, ჩვენი ხელისუფლების დროს ქორწინების განმარტება ჩაიწერა კონსტიტუციაში.

შესაბამისად, კანონით და კონსტიტუციით არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული. ამაზე ზედმეტი აპელირება და აჟიოტაჟი მიმაჩნია არასწორად. ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ.  მე ასე მიმაჩნია. არავინ არ განსხვავდება. ამ ადამიანებს იცავს კანონი. გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით, ასეთი ნიშნით საუბარი უმცირესობებზე, მიმაჩნია, რომ არის დისკრიმინაციის წახალისება. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქალაქეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი