ახალი ამბები

TI სუს-ს ჯუმბერ იზორიასთან დაკავშირებული ბიზნესების შესწავლისკენ მოუწოდებს

24 ივნისი, 2021 • 776
TI სუს-ს ჯუმბერ იზორიასთან დაკავშირებული ბიზნესების შესწავლისკენ მოუწოდებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს შეისწავლოს ჯუმბერ იზორიასთან დაკავშირებული ბიზნესების კორუფციული რისკები.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მომსახურებას ახორციელებს კომპანია შპს “თოგენი”, რომლის 80% წილს ჯუმბერ იზორიას მეუღლე, ლელა ვახანია ფლობს, 20% წილის მფლობელი და დირექტორი კი ჯუმბერის ძმა, ვეფხვია იზორიაა.

TI-ში აღნიშნავენ, რომ შპს „თოგენმა”  მსუბუქი ავტომობილის, მიკროავტობუსისა და მსუბუქი სატვირთოების (M1, M2, N1 კატეგორიები) ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაცია 2018 წლის ივნისში მიიღო:

“აღსანიშნავია, რომ „თოგენი” ერთადერთი კომპანია იყო ჩხოროწყუდან, რომელმაც ცენტრს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მიღების მიზნით მიმართა. აკრედიტაციის ცენტრის ინფორმაციით, შპს „თოგენმა” 2018 წლის ივნისიდან დღემდე 13,622 ავტომობილის ინსპექტირება ჩაატარა” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ს განცხადებით, თუკი გავითვალისწინებთ კატეგორების მიხედვით ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ღირებულებას (M1-60 ლარი, M2-100 ლარი, N1-60 ლარი), შპს “თოგენს” 2018 წლის ივნისიდან დღემდე დაახლოებით 836,520 ლარის ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული.

მეორე ბიზნესი, რომელიც ასევე ჯუმბერ იზორიასთანაა დაკავშირებული და TI ყურადღებას ამახვილებს, არის ჩხოროწყუში, კოსტავას ქუჩაზე, შპს „თოგენის“ მიმდებარედ მდებარე ავტომობილების შეკეთების ცენტრი და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინდმეწარმე ცაბუ გოგუაა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ იზორიასთან მის კავშირზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ცაბუ გოგუას სახელით ჯუმბერ იზორიას ძმა, ვეფხვია იზორია მონაწილეობს, რომელიც, ოფიციალურად გოგუას მინდობილი წარმომადგენელია.

“ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან რვა შემთხვევაში, ასევე, 58 გამარტივებული შესყიდვიდან 36 შემთხვევაში ხელშეკრულებებს ხელს სწორედ ვეფხვია იზორია, როგორც ცაბუ გოგუას წარმომადგენელი, აწერს. გოგუამ 2012 წლიდან დღემდე 166,900 ლარის ღირებულების 13 ტენდერი მოიგო, ამავე პერიოდში კი 91,807 ლარის 58 გამარტივებული შესყიდვა მიიღო”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 257,987 ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების შემსყიდველები უმთავრესად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები არიან.

ამასთან, TI აღნიშნავს, რომ ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან 12 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია, ერთ შემთხვევაში კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღო კონტრაქტი, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს, ერთის მხრივ, ცაბუ გოგუას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის კანონიერების საკითხი, მეორე მხრივ კი, განსაზღვროს, რამდენად გამჭვირვალედ და კანონიერად მოხდა შპს „თოგენისთვის” ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მინიჭება და დაადგინოს, შეიცავდა თუ არა  ორივე შემთხვევა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი