ახალი ამბები

გამოვიყენებთ, რომ პარტნიორებს ფაქტის სიმწვავე დავანახოთ – მაჭარაშვილი გახელაძის აქციაზე

23 ივნისი, 2021 • 990
გამოვიყენებთ, რომ პარტნიორებს ფაქტის სიმწვავე დავანახოთ – მაჭარაშვილი გახელაძის აქციაზე

“ქართული ოცნების” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით,  ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ხელისუფლება “გამოიყენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ფაქტის სიმწვავე დაანახოს”.

“ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, რომ ყველა საერთაშორისო დონის ფორმატი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნენ დაცული, ამას ვაკეთებთ[…] აქციას რაც შეეხება, მათ უფლება აქვთ, რომ თავიანთი პროტესტი გამოხატონ, გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ჩვენ ამ მომენტსაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ ამ ფაქტის სიმწვავე”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღეს, 23 ივნისს,  ცხინვალის ციხეში დატყვევებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით კასპში, ქვემო ჭალაში აქცია გაიმართება. მომოტინგეები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, გახელაძის მამა კი აპირებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადავიდეს და ცხინვალს ჩაბარდეს, რათა ადგილობრივ ციხეში შვილთან ერთად ყოფნის საშუალება მიეცეს.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაიჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

გახელაძე ცხინვალში გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322] [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით]. 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი