ახალი ამბები

უეფამ ალიანც არენის ცისარტყელის ფერებში განათებაზე თანხმობა არ გასცა

22 ივნისი, 2021 • 1349
უეფამ ალიანც არენის ცისარტყელის ფერებში განათებაზე თანხმობა არ გასცა

უეფამ ალიანც არენას ლგბტქ+ თემის მხარდაჭერის მიზნით ცისარტყელის ფერებში განათებაზე ქალაქის მერის განაცხადი არ დააკმაყოფილა.

საფეხბურთო ორგანიზაციის განცხადებით, ევრო 2020-ის ფარგლებში გერმანია-უნგრეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე მიუნხენის ბაიერნის სტადიონის ქვიარ დროშის ფერებში განათება პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

როგორც The Guardian წერს, სტადიონის განათებას გერმანია-უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაზე უნგრეთში მიღებული ანტილგბტქ+ კანონმდებლობის საპასუხოდ გეგმავდნენ.

საუბარია კანონზე, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს. აღნიშნული ნაბიჯი ვიქტორ ორბანისა და მისი პარტიის მიერ კიდევ ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა უფლებამდაცველების მხრიდან ადამიანის უფლებების მიმართულებით.

გამოცემა წერდა, რომ მიუნხენის საკრებულოს წევრების განცხადებით, ალიანც არენას ლგბტქ+ დროშის ფერებში განათება მკაფიო პასუხი იქნებოდა ორბანის პოზიციის წინააღმდეგ.

“ბავარიის მიწის დედაქალაქი მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, ტოლერანტობას და თანასწორობას როგორც სპორტში, ასევე საზოგადოებაში. საკრებულოს სურს, გერმანია-უნგრეთის მატჩზე, უნგრეთში ლგბტ თემის მხარდაჭერის ნიშნად, მოედანი ცისარტყელის ფერებში გაანათოს” ,- წერია განცხადებაში.

The Guardian წერს, რომ უნგრეთ-პორტუგალიის შეხვედრისას ტრიბუნებზე ჰომოფობური ბანერები იყო შესამჩნევი, რაზეც უეფას ეთიკის კომიტეტს მოკვლევა აქვს დაწყებული. რაც შეეხება ალიანც არენას, მიუნხენის ბაიერნის სტადიონი ლგბტქ+ დროშის ფერებში მანამდეც არაერთხელ განათებულა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით.

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე კი გერმანიის საფეხბურთო ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის კაპიტანი მანუელ ნოიერი ლგბტქ+ სამკლაურით ასპარეზობს, რის გამოც უეფას ეთიკისა და დისციპლინარულმა კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო.

თუმცა მოგვიანებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა,  გერმანიის ნაკრებს ლგბტქ+ სამკლაურით ასპარეზობის ნებართვისთვის უეფასთვის არ მიუმართავს, როგორც ამას განაწესი მოითხოვს, ნოიერს კარგი მიზნები ჰქონდა, შესაბამისად, გუნდს სანქცია არ ემუქრება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი