ნეტგაზეთი | ბიზნესმენს, რომელსაც რუსეთში დევნიან, ექსტრადაცია ემუქრება – ევსაქები ბიზნესმენს, რომელსაც რუსეთში დევნიან, ექსტრადაცია ემუქრება – ევსაქები – Netgazeti
RU | GE  

ბიზნესმენს, რომელსაც რუსეთში დევნიან, ექსტრადაცია ემუქრება – ევსაქები

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, რუს ბიზნესმენს, სერგეი ბოკარევს, რომელიც რუსეთში იდევნება, საქართველოდან ექსტრადიცია ემუქრება.

საქმე ეხება ბიზნესმენს, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ფარგლებში თაღლითობის მუხლით საქმე წამოიწყეს. რუსეთში აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გადაიხადა. შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა.

ხვალ, 22 ივნისს, სააპელაციო სასამართლო განიხილავს სერგეი ბოკარევისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხს. როგორც თავად ბიზნესმენი და მისი ადვოკატი აცხადებენ, მანამდე თავშესაფარზე უარი უთხრა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა.

რა ხდება – მოკლედ

დღეს „ევროპული საქართველოს“ ოფისში სერგეი ბოკარევის საქმეზე ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განმარტა, სერგეი ბოკარევი როგორც სიტყვიერად, ასევე ფინანსურად მხარს უჭერდა რუს ოპოზიციონერს – ალექსეი ნავალნის. ამასთანავე, საჯაროდ არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთის საგარეო პოლიტიკა.

სწორედ ამიტომ, მის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე წამოიწყეს. რუსული მედიის ცნობით, სერგეი ბოკარევის საქმე ეხება კრედიტის გადაუხდელობას. თუმცა თავად ბოკარევი ამბობდა, რომ 2018 წლამდე მის კომპანიას ბანკთან უპრობლემო თანამშრომლობა აკავშირებდა.

სერგეი ბოკარევმა, რუსეთში ყოფნის დროს, არაერთხელ მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს, ბიზნესომბუდსმენსა თუ სხვა პასუხისმგებელ უწყებას, თუმცა- უშედეგოდ. მისი ადვოკატი მალხაზ პატარაია ამბობს, რომ ბიზნესმენზე მუდმივად მიმდინარეობდა სახელისუფლებო წნეხი, მათ შორის, საბავშვო ბაღიდან რამდენჯერმე გაიტაცეს ბოკარევის შვილებიც.

„ეს სტანდარტული მუხლია ბიზნესმენებისთვის, რომლებიც არასასურველები არიან პუტინის პოლიტიკური რეჟიმისთვის. ამ მუხლით გათვალისწინებულია 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ამასთანავე, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ციხეში წესრიგი „ქურდული გაგებით“ დგინდება – ეს არის დამცირება, წამება და ა.შ. ამის ათასობით ვიდეო, სტატია, პოსტი და სხვა ქვეყნდება, რომელიც აღწერს, თუ როგორ ცხოვრობენ პატიმრები რუსეთში“, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ამგვარ ციხეებში ყოფნა ბიზნესმენებისთვის უფრო რთულია, რადგან არსებობს, მაგალითად, პშენიჩნის საქმე – „რომელიც წინასწარი პატიმრობის იზოლატორში დაკავებიდან 10 დღის შემდეგ მოკლეს,“.

ის ასევე დასძენს, რომ რადგან მას ბრალი წაუყენეს, აუცილებლად მიუსჯიან პატიმრობასაც, რადგან საქმე პოლიტიზებულია – „ამაზე სტატისტიკაც არსებობს, თითქმის 99.9%-თვის ასეა“, – ამატებს ის.

რას ამბობს ქართული მხარე?

„უკვე საქართველოში იწყება მთავარი მოვლენები“, – აცხადებს გიგა ბოკერია. მისი თქმით, ბოკარევი 9 თვის განმავლობაში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა. პოლიტიკოსის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენს რუსეთში დააბრუნებენ, მისი სიცოცხლე შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს.

იურისტი მალხაზ პატარაია განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თავდაპირველად უარი უთხრა ბოკარევს თავშესაფარზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს უარი გააუქმა, თუმცა დეპარტამენტმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციოში.

ხვალ, 14 საათზე, სწორედ ეს პროცესია ჩანიშნული.

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამნეტს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან