ნეტგაზეთი | აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთის ელჩს პასუხობს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთის ელჩს პასუხობს – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთის ელჩს პასუხობს

“ვიმედოვნებთ, რომ ამ განცხადების მიზანი არ არის გაცნობიერებული დისკრედიტაცია ჩვენი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის იდეებისადმი თავის ერთგულებას ამტკიცებს”, – ასე ეხმაურება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი აფხაზეთში რუსეთის ელჩის, ალექსეი დვინიანის 10 ივნისის განცხადებას სამმხრივ ტელეხიდზე “მოსკოვი-სოხუმი-ცხინვალი” თემაზე “რუსეთის როლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოყალიბებაში, პარტნიორობა და ინტეგრაცია”, რომელშიც რუსმა დიპლომატმა აფხაზეთის პარლამენტს მოუწოდა, არ შეეშინდეს პასუხისმგებლობის აღების, მხარი დაუჭიროს აფხაზეთის მთავრობას აფხაზეთის ეკონომიკაში, კერძოდ კი, ენერგეტიკის სფეროში რუსული ინვესტიციების მოზიდვის საკითხის გადაჭრას.

“სიტუაციის იმგვარად წარმოდგენა, თითქოს რუსული ინვესტიციების მოზიდვა პარლამენტის მიზეზით ვერ ხორციელდება, ჩვენი აზრით, თავიდანვე არასწორია და ეწინააღმდეგება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას.

პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ელჩის მიერ ნახსენები 2017 წელს მიღებული აფხაზეთის რესპუბლიკის კანონი “ელექტროენერგეტიკის შესახებ” არანაირად არ ზღუდავს უცხო ქვეყნის ბიზნესს, ჩადოს კაპიტალი რესპუბლიკის ენერგოსისტემაში. პირიქით, ჩვენ მივესალმებით სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის რეალიზაციას და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სფეროს ნებისმიერ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას”.

როგორც დე ფაქტო პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი, მათთვის ასევე “გაკვირვებას იწვევს ბატონი ელჩის სხვა ციტატა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პრობლემები რუსული ინვესტიციების მოზიდვის საკითხში აღმოფხვრილია და არსებობს აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნება, გადაიჭრას ყველა საკითხი შეზღუდვების მოხსნის კუთხით”.

გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენთვის არაფერია ცნობილი პოლიტიკური ხასიათის პრობლემებზე, რომელიც ინვესტიციების ნაკადს აფერხებს. აფხაზური კანობმდებლობა საინვესტიციო საქმიანობის კუთხით სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, თუმცა, ერთი პირობით – ეს პროექტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი მრავალეროვანი ხალხის ინტერესებს. ამასთან, ჩვენ ყოველთვის მადლიერებით ვსაუბრობთ რუსეთის ფედერავიის როლზე, რომელმაც 2008 წელს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი