ახალი ამბები

TI: პანდემიისას პარლამენტმა უარი თქვა თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე

16 ივნისი, 2021 • 800
TI: პანდემიისას პარლამენტმა უარი თქვა თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე

საქართველოს პარლამენტმა კორონავირუსის პანდემიისას, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლება მთლიანად მთავრობას მიანიჭა. ამის შესახებ საუბარია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”(TI) კვლევაში.

დოკუმენტში, რომელიც დღეს, 16 ივნისს გამოქვეყნდა, შეფასებულია 2019-2020 წლებში საპარლამენტო კონტროლის პრაქტიკა.კვლევის პერიოდი პოლიტიკურ დაძაბულობასა და პანდემიის პერიოდს დაემთხვა.

კვლევის საფუძველზე შემდეგი ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა:

პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის  უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას. პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ  მონიტორინგს:

საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს;

საგანგებო მდგომარეობის დროს კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა;

კოვიდ პანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

გარდა ამისა, პარლამენტის წევრების მიერ საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს სადეპუტატო კითხვა, რომელსაც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს წევრმა წერილობით უნდა უპასუხოს კანონით დადგენილ ვადაში.

კვლევის თანახმად, პანდემიის პერიოდში გაგზავნილი კითხვებიდან 11 ეხებოდა უშუალოდ კოვიდის თემატიკას. 11-ვე კითხვის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. საკვლევ პერიოდში უმრავლესობის წევრებს კოვიდის თემატიკასთან დაკავშირებით კითხვა არ ჰქონიათ.

TI-ის ანგარიშში პანდემიის პერიოდში საპარლამენტო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტებიც აქვს განხილული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევა წარმოქმნა მსოფლიოს ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების დღის წესრიგში.  TI-ის განცხადებით, კოვიდ პანდემიის პირობებში, ქვეყნების დიდ ნაწილში, მართალია, აღმასრულებელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი COVID-19-ის წინააღმდეგ ინსტიტუციური ქმედებების განხორციელებაზე, თუმცა კვლავ გრძელდება მთავრობაზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტის როლის გაძლიერება და ამ ძალაუფლების შეზღუდვის, კონტროლისა და კომპენსაციის ზომების გატარება. პარლამენტარებმა უნდა უზრუნველყონ იმის კონტროლი და ზედამხედველობა, თუ რამდენად სწორად და ადეკვატურად ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გადაუდებელი ზომები და რამდენად შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს.

მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაუწიოს ზედამხედველობა, რამდენად პროპორციული და დროებითია თავისუფლების შეზღუდვა, რამდენად გამართლებული და თანაზომიერია შეიარაღებული ძალის გამოყენება, რამდენად მიზნობრივად მოხდა ეკონომიკური დახმარების გაცემა, ფინანსური სახსრების გახარჯვა და სხვა.

კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საკანონმდებლო ორგანოების მიერ მუშაობის გაგრძელება და განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებებზე საკანონმდებლო ზედამხედველობის შენარჩუნება არასოდეს ყოფილა უფრო მეტად მნიშვნელოვანი. აღმასრულებელ ხელისუფლებას და ჯანდაცვის სისტემას გადამწყვეტი როლი აქვთ კრიზისის მართვაში, რათა ყველა შესაძლო ფორმით უზრუნველყონ სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვა. საკანონმდებლო ორგანოებს კი (სასამართლოებთან ერთად) გადამწყვეტი როლი აქვთ ამ პროცესში, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით, რათა უზრუნველყონ, რომ ამ პროცესში ქვეყნებმა არ დაკარგონ ის კონსტიტუციური და დემოკრატიული ღირებულებები, რაც მათ მთავარ მონაპოვარს წარმოადგენს”, – აღნიშნულია TI-ისანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი