თბილისში ზონალულ-საათობრივი პარკირების არეალი ფართოვდება. როგორც დღეს, 16 ივნისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, ქალაქში, ჯამში, ათასზე მეტი ახალი საპარკინგე ადგილები გამოიყო.
“კიდევ შეირჩა რამდენიმე ქუჩა, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება. საბურთალოს რაიონში დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიძის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ახალი საპარკინგე ადგილი დაემატება. ასევე, სადგურის მოედანზე, დეზერტირების ბაზარის მიმდებარედ, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის ქუჩებზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს. სამგორის რაიოში ზონალური პარკინგი ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩებზე ამოქმედდება და 117 საპარკინგე ადგილი იფუნქციონირებს. ჯამში, 1315 საპარკინგე აგილზე დაინერგება ზონალურ-საათობრივი პარკირება”,-განაცხადა კალაძემ.
მერიის ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
პარკირება ზემოთ ხსენებული ქუჩების მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასო იქნება.
„ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციისთვის საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები იმოქმედებს დოლიძის ქუჩა №24-ში, ალექსიძის ქუჩა №1-ში, ბახტრიონის ქუჩა №13-ში, ბახტრიონის ქუჩა №30-ში, ცინცაძის ქუჩა №61-ში, ლორთქიფანიძის ქუჩა №10-ში, აბასთუმნის ქუჩა №1ა-ს მოპირდაპირედ, სადგურის მოედანზე, კერძოდ, გოგოლის ქუჩა №32-ში, გობრონიძის ქუჩა №2ა-ში და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ“, – განაცხადა კალაძემ.