ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“განვიხილეთ შესაძლებლობა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულოს” – ირაკლი ანთაძე

15 ივნისი, 2021 • 1132
“განვიხილეთ შესაძლებლობა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულოს” – ირაკლი ანთაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან განიხილეს შესაძლებლობა, ზაზა გახელაძე ოჯახის წევრებმა ცხინვალის ციხეში მოინახულონ.

აღნიშნული განცხადება ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხი იყო:

“ბუნებრივია, მთავარი თემა იყო ჩვენი მოქალაქეების უკანონო პატიმრობის საკითხი, მათ შორის, ზაზა გახელაძის საკითხიც. ეს საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად. ამაზე გვქონდა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებისგან. იყო შემდგომ კონსულტაციები და ამ ეტაპზე შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება.

გარდა ამისა, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს თარიღი ცნობილი გახდება” ,— განაცხადა ანთაძემ.

მანამდე, ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახმა განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ჯერჯერობით უცნობია აქციის გამართვის ადგილი, თუმცა ის 23 ივნისს იგეგმება. 23 ივნისი ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს ოჯახს — ზაზას თავისუფლება“, – ამბობს ნეტგაზეთთან ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

გახელაძე ცხინვალში გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322] [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით]. 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი