ანა დოლიძე საზოგადოებას საკუთარ თავს თბილისის მერობის საერთო კანდიდატად სთავაზობს. პოლიტიკოსის თქმით, მედიაში დიდი ხანია საუბარი, თუ ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი და აცხადებს, რომ მისი აზრით, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის:
“საზოგადოებას ვთავაზობ ჩემს კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორაციულ ინტერესებს”, — აცხადებს ანა დოლიძე.
მისი თქმით, 15 წელი საჯარო სივრცეში მოღვაწეობს და ქართველი ხალხის გვერდით დგას:
“ვფიქრობ, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევძლებ სწორედ პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად, მხოლოდ ხალხისთვის მსახურს. ეს დაადასტურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის ჩემმა ბრძოლამაც. ამომრჩევლის 18 პროცენტმა მხარი დამიჭირა, სწორედ როგორც ახალ, დამოუკიდებელ ძალას, ორპოლუსიანობის მიღმა, ჩემი გავლილი გზის შეფასებით. ესაა ხალხის დაკვეთა” ,- აცხადებს ანა დოლიძე.
დოლიძე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, დედაქალაქის მერები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძლიერი და გავლენიანი ჯგუფები სთავაზობდნენ საზოგადოებას და არ ჰქონდა მნიშვნელობა მათ კომპეტენციას, თბილისის სიყვარულს და იმ პრობლემების შეგრძნებას, რომელიც თბილისელებს აწუხებთ:
“ამიტომ დაუგროვდა ამ ქალაქს წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა. თბილისელები ვწუხვართ ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ ქალაქზე, “საცობებზე”, არამიზნობრივად გაფლანგულ ბიუჯეტზე, ანუ ჩვენს ფულზე, 21- საუკუნეში კანალიზაციის, ტროტუარების, გზების, მწვანე სივრცეების თუ სხვა პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის არარსებობაზე.
წუწუნი გასაგებია, მაგრამ ამდენი უკმაყოფილების და ხელის ჩაქნევის დრო არ არის. პასუხი ერთია – თბილისს, რომელიც მაგალითია მთელი საქართველოსთვის, სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება ხალხს. თბილისს სჭირდება მერი ხალხისთვის”, — ამბობს ანა დოლიძე.