ახალი ამბები

აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდებისას COVID-19 დაუდასტურდებათ, საგნებს 2 კვირაში ჩააბარებენ

15 ივნისი, 2021 • 840
აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდებისას COVID-19 დაუდასტურდებათ, საგნებს 2 კვირაში ჩააბარებენ

განათლების სამინისტროს განცხადებით, აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდა შესაბამის საგანში 2 კვირის ვადაში ჩაუტარებენ:

“პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყების განცხადებით, თავის მხრივ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:

• მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
• მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე, გამოცდების მიმდინარეობისას;
• დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები.

ამასთან, გამოცდების ეროვნული ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინო სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.

სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

იმნაძის თქმით, თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი