ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში წევრი ქვეყნები ერთიან განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მათ შორის საქართველოს საკითხს ეხებიან.
წერილში ვკითხულობთ, რომ წევრი ქვეყნები კვლავ ადასტურებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს – კერძოდ კი იმ პირობას, რომ საქართველო წევრი ქვეყანა გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) ერთად – „როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი“.
„ჩვენ ვადასტურებთ აღნიშნული გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს. მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურების მიხედვით.
ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს თავის გადაწყვეტილებაში – თავად განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, გარე ჩარევების გარეშე“, – წერია კომუნიკეში.
ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს NATO-სთან აკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა – „ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას NATO-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს საქართველოს ერთგულებასა და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში“.
ბრიუსელის სამიტის კომუნიკე რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათ შორის აქ ნათქვამია, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას და მოუწოდებენ მხარეებს მისი შესრულებისკენ.
„ჩვენ მივესალმებით ბოლო დროს მიღებულ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ იმპლემენტაციას. ეს შეთანხმება მნიშვნელოვან რეფორმებს უწყობს ხელს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანებისთვის მოსამზადებელ პროცესში.
ჩვენ ასევე მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“, – წერია დოკუმენტში.
ამასთანავე, აღნიშნულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ რეფორმების შედეგად მიაღწია პროგრესს, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რათა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობა გაძლიერდეს.
„საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ საშუალებას საბოლოო წევრობის მისაღებად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამტკიცებისთვის, რუსეთის მიერ დესტაბილიზაციისკენ მიმართული მზარდი აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ გამძლეობის თვალსაზრისით“, – წერია კომუნიკეში.