ახალი ამბები

“პირობას ვერ დავდებთ” – მარიტა მუსელიანი თურნავას პასუხობს

14 ივნისი, 2021 • 6366
“პირობას ვერ დავდებთ” – მარიტა მუსელიანი თურნავას პასუხობს

რიონის ხეობის აქტივისტების ერთ-ერთი ლიდერის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, აქტივისტები არ აპირებენ საჯარო პირობის დადებას იმის შესახებ, რომ “კომპანიას ხელს არ შეუშლიან”. ამის შესახებ კომენტარი მუსელიანმა “ნეტგაზეთთან”გააკეთა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას საპასუხოდ.

კერძოდ, მთავრობის ბრიფინგზე თურნავას ჰკითხეს, დატოვებდა თუ არა რიონის ხეობას პოლიცია მიმდინარე კვირის ბოლომდე, რაზეც თურნავამ უთხრა, რომ ამისთვის საჭიროა ადგილობრივი აქტივისტების პირობა, რომ ისინი კომპანიას ხელს არ შეუშლიან.

როგორც მუსელიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, 12 მაისს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლების მედიატორობით შედგა, ხელისუფლების მხრიდან იყო გახმიანებული, რომ აქტივისტებს ზემოთ აღნიშნული პირობა დაედოთ, თუმცა, მუსელიანის თქმით, აქტივისტებმა ამაზე უარი განაცხადეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათი პროტესტის მთავარ მიზანს.

“მათი მოთხოვნა იყო შეხვედრაზევე, რომ დაგვედო რაღაც პირობები, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ როცა პროტესტი რაღაცას მიემართება, ამ შემთხვევაში იმას, რომ სამუშაო პროცესს შევუშალოთ ხელი, იმის პირობას ვერ დავდებთ, რომ სამუშაო პროცესს ხელს არ შევუშლით. მთელი 7 თვე ეს იყო ჩვენი პროტესტის მიზანი, რომ კომპანიის მუშა პროცესი შეგვეჩერებინა და რას ნიშნავს ეს…”, – განმარტა მუსელიანმა.

მისი თქმით, აქტივისტების ეს უარი მისაღები იყო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელისთვის, დირკ ბუშლესთვისაც, რადგან  პროტესტი გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია.

ამასთან, მუსელიანმა განმარტა, რომ აქტივისტებს 7-თვიანი პროტესტის ფარგლებში კომპანიის ტექნიკა არ დაუზიანებიათ და ამას არც მომავალში გეგმავენ.

“ამათ უნდათ, რომ თუ პოლიციას მოხსნიან იქიდან, მერე რამე რომ მოხდება, პასუხისმგებლობა პირდაპირ ჩვენ დაგვაკისრონ და ეს რამე რომ მოხდეს, შეიძლება თვითონ გააკეთონ პროვოცირება და ჩვენ დაგვაბრალონ. 7 თვეა ჩვენი პროტესტი მიმდინარეობს და კომპანიის ქონება არ დაგვიზიანებია. პროტესტის შინაარსი ყოველთვის ეს იყო, რომ ხელი შეგვეშალა მათი სამუშაოებისთვის და შეგვეფერხებინა და ახლა სიტყვაზე რომ გამოგვიჭირონ, ეს არ მოხდება”, – განმარტა მუსელიანმა.

“ნეტგაზეთთან” მუსელიანმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობას არ სურს  ხეობიდან პოლიციის გაყვანა და ეს აქტივისტებისთვის ცხადია, თუმცა ხელისუფლებას ვალდებულება აქვს აღებული მედიატორის წინაშე, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად თავად მთავრობამ მოიწვია. მუსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პირობას არ შეასრულებს, მედიაციის პროცესი არ დაიწყება და აქტივისტები პროტესტს კვლავ გააგრძელებენ ისე, როგორც აქამდე.

პოლიცია ხეობას დატოვებს თუ აქტივისტები საჯაროდ დაგვპირდებიან, რომ კომპანიას ხელს არ შეუშლიან – თურნავა ნამახვანჰესზე

მასალების გადაბეჭდვის წესი