ახალი ამბები

მოქალაქეებს 112-ის ავტოსადგომის დავალიანება ჩამოეწერებათ და მანქანას 100 ლარად დაიბრუნებენ

10 ივნისი, 2021 • 2646
მოქალაქეებს 112-ის ავტოსადგომის დავალიანება ჩამოეწერებათ და მანქანას 100 ლარად დაიბრუნებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის ავტოსადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე განთავსდა და დღემდე იქ რჩება, ერთჯერადად, 100 ლარის სანაცვლოდ ექნებათ ავტომობილის დაბრუნების შესაძლებლობა.

შესაბამისი კანონი პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულის გარდა, ამ მოქალაქეებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, სრულად ჩამოეწერებათ 112-ის წინაშე დაგროვილი დავალიანება, რომლის საერთო ოდენობა დღეის მდგომარეობით, შსს-ს განცხადებით, 4 მილიონ ლარამდეა.

უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული შეღავათით სარგებლობა უფლებამოსილ პირებს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ.
4 მილიონ ლარამდე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით.

“გარდა ამისა, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომანქანების ადმინისტრირებისა და მათი სადგომიდან გაყვანის ეფექტიანი მექანიზმი, რაც სამომავლოდ გამორიცხავს მოქალაქეთათვის მსგავსი დავალიანების დაგროვების რისკებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისა და დგომის უზრუნველყოფა. ეს მიმართულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანასა და აღნიშნულ სადგომზე მისი დგომის უზრუნველყოფას” ,— აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი