ახალი ამბები

სტრასბურგი რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონის გადახდას 6 სექტემბრამდე ავალდებულებს

10 ივნისი, 2021 • 1281
სტრასბურგი რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონის გადახდას 6 სექტემბრამდე ავალდებულებს

სტრასბურგის სასამართლო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, 2021 წლის 6 სექტემბრამდე გადაიხადოს 10 მლნ ევრო და დაგროვებული საპროცენტო განაკვეთი, რისი გადახდაც სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპარტაციის გამო დააკისრა.

ისტორია

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ეტაპობრივად გაუარესდა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდებოდა 2006 წლის შემოდგომაზე.

2006 წლის 27 სექტემბერს თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დააკავეს. 3 ოქტომბერს კი რუსეთმა საქართველოსთან ყოველგვარი საჰაერო, საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო, საფოსტო და ფინანსური კავშირები გაწყვიტა.

სწორედ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთმა, საიმიგრაციო კანონების დარღვევის საბაბით, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოახდინა, რაც საფუძლად დაედო სტრასბურგის სასამართლოში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ პირველ სახელმწიფოთაშორის დავას.

მომჩივანი, ქართული მხარე ამბობდა, რომ ანტიქართული პოლიტიკის ფარგლებში, 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთში 4 634 გაძევების ორდერი გამოიცა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა შორის 2 380 დააკავეს და ძალის გამოყენებით გამოაძევეს, დანარჩენმა 2 254-მა კი ქვეყანა საკუთარი საშუალებებით დატოვა.

რუსეთი უარყოფდა, რომ ჯაშუშობაში ბრალდებული ოფიცრების დაკავების საპასუხოდ ორგანიზება გაუკეთა და უფლება მისცა ეროვნებით ქართველების შევიწროებას, მათ მასობრივ, უკანონო დაპატიმრებას და კოლექტიურ გაძევებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება და რუსეთის ფედერაციას დააკისრა 10 000 000 ევროს გადახდა იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რაც 2006 წელს რუსეთიდან 1 500 ადამიანის დეპორტაციას უკავშირდება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებები ეთნიკური ნიშნით ქართველების გაძევებასთან დაკავშირებით სანდოა და 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების კოორდინირებული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

გადახდის ბოლო ვადად 2019 წლის 30 აპრილი განისაზღვრა, თუმცა რუსეთის ფედერაციას ეს თანხა დღემდე არ გადაუხდია.

რა ხდება ახლა?

2020 წლის 3 დეკემბერს გამოიცა შუალედური რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, აღნიშნული თანხა გადაიხადოს გადაუხდელობის გამო დაგროვებულ პროცენტთან ერთად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ 2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან.

2021 წლის 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწიდებს რუსეთის ფედერაციას, 2021 წლის 6 სექტემბრამდე ან პირდაპირ გადაიხადოს განსაზღვრული თანხა, დაგროვილ პროცენტთან ერთად, ან ხელი მოაწეროს „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ საქართველოსთან, რათა შესაძლებელი გახდეს ამ თანხის საქართველოსთვის გადარიცხვა.

ვრცლად ამ თემაზე:

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში 16 სექტემბერი არაზუსტად იყო მითითებული 6 სექტემბრის ნაცვლად

მასალების გადაბეჭდვის წესი