ახალი ამბები

პარლამენტმა 2-დეპუტატიანი საპარლამენტო ჯგუფის შექმნას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

9 ივნისი, 2021 • 1141
პარლამენტმა 2-დეპუტატიანი საპარლამენტო ჯგუფის შექმნას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა “მოქალაქეების” ინიციატივას პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორი დეპუტატითაც იქნება შესაძლებელი.

სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის განახლებული რეგლამენტით აქამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა არანაკლებ ოთხ დეპუტატს შეეძლო, კანონ-პროექტის საბოლოოდ მიღების შემდეგ კი, ჯგუფის შექმნა 2 დეპუტატსაც შეეძლება.

“არა მარტო ოთხკაციან, არამედ ორკაციან პოლიტიკურ ჯგუფსაც მიენიჭოს სტატუსი, რაც მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის. დღეს ბიურომ ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირა მხარი. პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამოხატავს კონკრეტული ამომრჩევლების ნებას, მას უნდა ჰქონდეს ის უფლებამოსილება, რითიც აღჭურვილია ფრაქცია”, – განაცხადა “მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელინმა კენჭისყრამდე.

პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი