ახალი ამბები

როგორც სამაჯური მიხუთავდა სულს, ისე უხუთავს ეს პარლამენტი ხალხს სულს – მელია

9 ივნისი, 2021 • 966
როგორც სამაჯური მიხუთავდა სულს, ისე უხუთავს ეს პარლამენტი ხალხს სულს – მელია

„როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.

9 ივნისს, თვეების განმავლობაში ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ, ნიკა მელიას პირველი გამოსვლა ჰქონდა X მოწვევის პარლამენტში.

„პირველ ნოემბერს მოვიხსენი ის სამაჯური, როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო. ვაცნობიერებდი, რომ შეიძლებოდა მე თავისუფლება შემზღუდვოდა. მაგრამ ვარჩიე, ეს ნაბიჯი გადამედგა, ვარჩიე, უსამართლოს სიმბოლო, სამაჯურის სახით, დამეკარგა, ვიდრე ღირსება დამეკარგა“, – თქვა მელიამ.

„გინდოდათ, რომ თავი დამეხარა უსამართლობისთვის, მეღიარებინა თქვენი უსამართლო ოლიგარქიული რეჟიმი“, — მიმართა მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, — „მაგრამ ვერ ეღირსეთ და ვერ მოესწრებით ამას, იმიტომ, რომ პირველივე დღიდანვე ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა ბრძოლაში შემოვედი“.

„როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს“, – განაცხადა მან.

„სანამ სულში პირი გვიდგას, მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გექნებათ… ცუდად გამოიყურებით, როდესაც გუშინდელ მეგობრებს ლანძღავთ, თათხავთ“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

ნიკა მელიამ, რომელიც 20-21 ივნისის საქმეზე იყო ბრალდებული [რასაც ის პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებას უწოდებს], პირველ ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და შეკრებილ ხალხში გადააგდო.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ის პროცესები, რაც საბოლოოდ მელიას სპეცრაზმის მეშვეობით დაკავებით დასრულდა 2021 წლის თებერვალში.

სწორედ მელიას საკითხზე „ოცნების“ სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობა დაასახელა ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი