ახალი ამბები

ლევან, მოგესალმები პარლამენტში – ზარქუა ხაბეიშვილს | ოპონენტების დაპირისპირების ისტორია

9 ივნისი, 2021 • 6972
ლევან, მოგესალმები პარლამენტში – ზარქუა ხაბეიშვილს | ოპონენტების დაპირისპირების ისტორია

„ლევან, მოგესალმები პარლამენტში“, – ასე მიესალმა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა თავის დიდი ხნის ოპონენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილს.

ზარქუამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხაბეიშვილი გამოვიდა სიტყვით და „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა ამნისტიის კანონპროექტის არსებული ფორმით ინიცირების გამო. „ცდილობთ, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გაუთანაბროთ ჯალათებს“, – თქვა მან.

„ლევან, მოგესალმები პარლამენტში. მიხარია, რომ აქ ხარ თქვენს გუნდთან ერთად და ამას მე ყველა შეხვედრაზე [ვიტყვი]“, – ასე დაიწყო ზარქუამ თავისი სიტყვა 9 ივნისის საპარლამენტო პლენარულ სესიაზე.

„შენ ხარ ჩემი პროკურორი, არ დაგავიწყდეს“, – გააწყვეტინა ხაბეიშვილმა. „ჰო, მესმის. 90-ში“, – უპასუხა ზარქუამ და დასძინა:

„მიხარია, რომ აქ ხარ და დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს ისწავლით, პოლემიკას, დებატებს და ა.შ.“, – თქვა მან.

ამ ორ დეპუტატს, რომლებიც მოწინააღმდეგე პარტიებში ირიცხებიან, ურთიერთდაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ხაბეიშვილს ზარქუას ცემის ბრალდება აქვს წარდგენილი, რასაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„გგლიჯავ სახეში“

ირაკლი ზარქუა თბილისის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკრებულოში და ერთ-ერთი აქტიური ოპოზიციონერი ფიგურა.

მათი დაპირისპირების ისტორია არაერთ ეპიზოდს ითვლის. მაგალითად, 2019 წლის 10 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე, ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს აკრიტიკებდა ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე, რა დროსაც გვერდით ზარქუა მიუჯდა და „ჩვეულებრივი მასხარა“ უწოდა.

ზარქუამ ამ ეპიზოდში ხაბეიშვილს უთხრა, რომ „კამერებთანაა მაგარი“ და „გარეთ გასვლა“ შესთავაზა; ხაბეიშვილის მიერ „კორუმპირებულის“ დაძახების შემდეგ კი თქვა: „ახლა გგლიჯავ სახეში“. დაპირისპირების კადრები:

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი დეპუტატების დაპირისპირების ისტორიიდან 2020 წლის 24 იანვრით თარიღდება, კვლავ საკრებულოს სხდომაზე.

ხაბეიშვილს, — რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა, — საკრებულოს სამმა წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება კორიდორშიც გაგრძელდა, სადაც უკვე ხაბეიშვილი და ზარქუა ფიგურირებდნენ.

ცოტა ხანში პროკურატურამ ხაბეიშვილის ცემისთვის საკრებულოს სამ წევრს ბრალი წარუდგინა, თუმცა ხაბეიშვილსაც წარედგინა ბრალი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით.

მოგვიანებით ხაბეიშვილმა ზარქუაზე თქვა, რომ ის „ტელევიზია-ტელევიზია წკმუტუნ-წკმუტუნით დადიოდა, გვერდები მტკიოდა, გრიმით დავიფარე სახე, თორემ ხაბეიშვილმა ისე დამჟეჟაო“. ამ პერიოდში ორივემ უწოდა ერთმანეთს „არაკაცი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი