ახალი ამბები

ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

8 ივნისი, 2021 • 722
ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ივლისში თეთრ სახლში მიიწვია, განაცხადა ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა, იტყობინება CNN.

მიწვევის მიღება ზელენსკიმ თავადაც დაადასტურა და ბაიდენს მადლობა გადაუხადა.

თუმცა „აქსიოსთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბაიდენთან პირადი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის ევროპულ სამიტამდე სურდა, რომლის ფარგლებშიც ბაიდენი პუტინსაც უნდა შეხვდეს. ჯეიკ სალივანის თქმით, ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა სამიტის შემდეგ ჩატარდება.

„ვაშინგტონ პოსტისთვის“ დაწერილ ოპ-ედში ბაიდენმა აღნიშნა, რომ სამიტის დროს „უკრაინა [მისთვის] უმთავრესი საკითხი იქნება“.

„ერთად ვდგავართ, რათა ყურადღება მივაქციოთ რუსეთის გამოწვევებს ევროპული უსაფრთხოებისთვის, დაწყებული აგრესიიდან უკრაინაში. ეჭვგარეშეა, რომ აშშ დაიცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა განცალკევებაც ჩვენი ინტერებისგან არ შეგვიძლია“, — ნათქვამია ოპ-ედში.


გაზაფხულზე, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსული აგრესიის გააქტიურების ფონზე, ბაიდენმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, თუმცა დაიმსახურა კრიტიკა „ჩრდილოთის ნაკადი 2-ის“ პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო — მისმა ადმინისტრაციამ უარი თქვა გაზსადენის პროექტის აშენებაზე მომუშავე კომპანიის სანქცირებაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გამარჯვებაა რუსეთისთვის და პერსონალური მარცხია ბაიდენისთვის. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პროექტს ეწინააღმდეგებიან და გეგმავენ, სანქციები უფრო მცირე კომპანიებს დაუწესონ.

ამასთან ერთად, ცნობილია, რომ აშშ-მა უკრაინას კორონავირუსის ვაქცინის 900 000 დოზა გადასცა. ამას ადასტურებენ ორივე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი