ახალი ამბები

რიონის ხეობაში დაკავებული 8 პირი სასამართლომ ჯარიმის გარეშე დატოვა

7 ივნისი, 2021 • 5643
რიონის ხეობაში დაკავებული 8 პირი სასამართლომ ჯარიმის გარეშე დატოვა

27 მაისს გუმათჰესთან დაკავებული 8 პირი სასამართლომ გაამართლა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში.

ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც, რომლის წარმომადგენელიც სასამართლოზე დაკავებული 8 პირის ინტერესებს იცავდა.

დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას) მუხლების დარღვევას ედავებოდნენ.

ნეტგაზეთს საიაში განუცხადეს, რომ სასამართლომ რვავე დაკავებული 173-ე მუხლის ნაწილში გაამართლა, ხოლო 166-ე მუხლის შემთხვევაში მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

ისინი 27 მაისს სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. დაკავებულები პოლიციის მიერ მოწყობილ ბარიკადებსა და გადაადგილების აკრძალვას აპროტესტებდნენ.

სასამართლო პროცესი “რიონის ხეობის მცვლებების” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი