ახალი ამბები

“გახარიას გადადგომა ბრძოლის ველის მიტოვება იყო” — თურნავა

7 ივნისი, 2021 • 810
“გახარიას გადადგომა ბრძოლის ველის მიტოვება იყო” — თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს, 7 ივნისს გავრცელებული წერილის ერთ-ერთი მიზეზი არის გახარიას პარტიის მიერ ივანიშვილის სახელის გამოყენება და მოსახლეობისთვის თქმა, რომ ეს პარტია “ივანიშვილის პროექტია”.

“როგორც ჩანს, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა [ივანიშვილი] იძულებული გახადა, რომ ასეთი მკვეთრი განცხადებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გახარიას პარტია იყენებს ივანიშვილის სახელს და ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ის არის “ივანიშვილის პროექტი”, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებები. მან ეს საქციელი შეაფასა ღალატის ტოლფას საქციელად”, — განაცხადა თურნავამ ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას.

თურნავას თქმით, გახარიას გადადგომა “ბრძოლის ველის მიტოვება” იყო.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რა მომენტში მოხდა გადადგომა. ეს მოხდა ძალიან დინამიურ და რთულ მომენტში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა და კრიზისი. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და მის ხელმძღვანელს — პრემიერ-მინისტრს. ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველიდან დატოვება”, — განაცხადა თურნავამ.


დღეს, 7 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა წერილი, რომელშიც გახარიას გადადგომას სახელმწიფოსა და გუნდის ღალატი უწოდა. ივანიშვილის განცხადებით, გახარიასთან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი