ახალი ამბები

ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში დიალოგი გაგრძელდეს

3 ივნისი, 2021 •
ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში დიალოგი გაგრძელდეს

აშშ-ის სენატის წევრებმა, ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს. სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც პოსტკოვიდ გარემოში ვიზიტი დაგეგმეს, რაც აშშ-ის და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობიდან გამომდინარეობს.

სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ აშშ მიესალმება 19 აპრილის შეთანხმებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და მიზნად ისახავს საარჩევნო რეფორმასა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას:

ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვას და უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს სამართლიან არჩევნებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. ჩვენ აღვნიშნავდით, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმების სულისკვეთების გაგრძელება ყველა პარტიის მონაწილეობით, რაც იქნება მიმართული საქართველოში დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის, თავისუფლებები და უფლებები კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიის არსისთვის.

19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში მნიშვნელოვანია, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს. რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს, აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპაც და აშშ-ც გამოგზავნის საქართველოში დამკვირვებლებს, რომლებიც არჩევნებს გაუწევენ ადგილზე მონიტორინგს. იმისათვის, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით” ,- განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

კითხვაზე, რას მიანიშნებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, სენატორი პორტმანი პასუხობს, რომ ენმ-ის წარმომადგენლებს დღეს საღამოს შეხვდებიან. მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთობის უზრუნველსაყოფად:

“დღეს საღამოს გვექნება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო, იდეალური ერთობა. ზუსტად ეს ჩანაწერია აშშ-ის კონსტიტუციაში, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ და პატივს ვცემთ.

მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, პუნქტები იქნას აღსრულებული, მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არის ფართო შეთანხმება. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. იცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. მაგრამ მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი და ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს”, – აცხადებს სენატორი პორტმანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი