ახალი ამბები

სენატორი შაჰინი: თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საქართველოს ვაქცინებს გამოუყოფს

3 ივნისი, 2021 • 1036
სენატორი შაჰინი: თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საქართველოს ვაქცინებს გამოუყოფს

აშშ-ის სენატის წევრი ჯინ შაჰინი თბილისში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომელიც აშშ-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიიღებს.

სენატორმა აღნიშნა, რომ ჯერ მისთვის უცნობია, ზუსტად რა ოდენობის დოზებზეა საუბარი, თუმცა განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა:

“თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა, რომ, საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გამოუყოფს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს. ჯერ არ ვიცით, რამდენი, მაგრამ მოხარული ვარ, გაგიზიაროთ” ,- აცხადებს სენატორი შაჰინი.

აშშ-ის თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქვეყანა გეგმავს 80 მილიონი დოზა ვაქცინის გაზიარებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის.

თუმცა  საწყის ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები 25 მილიონ დოზა ვაქცინას მისცემს ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დოზების დაახლოებით 75 პროცენტი COVAX პლატფორმის ფარგლებში გავრცელდება.

მათგან დაახლოებით 6 მილიონი დოზა ვაქცინა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის იქნება განკუთვნილი, 7 მილიონი- სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისთვის, 5 მილიონი დოზა -აფრიკისთვის. დარჩენილი დოზები კი, რომელიც 6 მილიონს აჭარბებს, თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის სხვა მეზობლებსა და პარტნიორებს შეხვდებათ, რომელთა შორისაა კანადა, მექსიკა, ინდოეთი და სამხრეთ კორეის რესპუბლიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი