ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა პოსტი დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

3 ივნისი, 2021 • 2599
აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა პოსტი დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

ქეთევან ბაკარაძემ, რომელიც 8 წლის განავლობაში აფხაზეთის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, თანამდებობა დატოვა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი მინისტრი ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს.

“უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის ურთულესი გამოწვევებიდან, უმძიმესი მოცემულობიდან და იმ საზოგადოების მოწყვლადობიდან გამომდინარე, რომელსაც ვემსახურებოდი. ამ პერიოდში არაერთი რეფორმისა თუ განხორციელებული ცვლილების შედეგად უწყება, რომელიც ჩავიბარე, ჩამოყალიბდა სამინისტროდ, 5-ჯერ გაზრდილი პროგრამული ბიუჯეტით, ბენეფიტის ხელმისაწვდომობის გაფართოებული არეალით, ბენეფიციარზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისებით, ფინანსური მხარდაჭერითა და, რაც უმნიშვნელოვანესია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ადამიანების მიმართ გატარებული პოლიტიკით, როგორც ჯანდაცვის, ისე ნდობის აღდგენის კუთხით.

ეს მეტად ფაქიზი და სენსიტიური თემაა და ყოველთვის თავს ვიკავებდი ფაქტების გასაჯაროებისაგან, თუმცა დღეს არსებული მოცემულობა-კონკრეტული ქეისები, სტატისტიკა, განწყობა, რუდუნებით მოპოვებული ურთიერთობები მაძლევს უფლებას განვაცხადო, რომ ეს მიმართულება ჩემი საქმიანობის ყველაზე წარმატებული პროექტია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშენებლობაში”.

როგორც ქეთევან ბაკარაძე წერს, მისთვის, როგორც დევნილისთვის, ყველაზე დიდი სურვილი აფხაზეთში დაბრუნებაა, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დეოკოპაციის მიმართულებით მის ხედვებთან სრულ თანხვედრაშია.

“ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი, რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი-გიორგი გახარია, რომელიც მჯერა, რომ თავისი პიროვნული თვისებებით, ღირებულებებით, ერუდიციით, ეფექტიანი მართვით, მათ შორის კრიზისული სიტუაციების წარმატებული მართვითა და დასახული მიზნებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის! უდიდესი პატივია ჩემთვის გავხდე ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რათა ჩემი გამოცდილება, რესურსი კიდევ უფრო მეტად იყოს რეალიზებული და მხარდაჭერილი ახალი გამოწვევების დასაძლევად,საერთო მიზნის მისაღწევად”.

ვინ დაიკავებს აფხაზეთის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი