ახალი ამბები

ეკომიგრანტებისგან ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავეს

3 ივნისი, 2021 • 813
ეკომიგრანტებისგან ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

“გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000- ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას. 2021 წლის მარტში მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეს გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო ამავე წლის მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ – 2 000 ლარი”, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

სუსის ცნობით, იდენტიფიცირებულია სხვა შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი