ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ხდება ადეკვატური რეაგირება” – სუსი რუსი სამხედროების მორიგ ქმედებებზე

2 ივნისი, 2021 • 1130
“ხდება ადეკვატური რეაგირება” – სუსი რუსი სამხედროების მორიგ ქმედებებზე

“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს. თითოეული აქტივობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება ინდივიდუალურად. ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით”, – ასე პასუხობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კონფლიქტის ზონის მიმდებარედ რუსი სამხედროების მორიგ მოქმედებებზე.

ამასთან, კითხვაზე, რა ტიპის უკანონო მოქმედებებზეა საუბარი, უწყებაში არ გვიპასუხეს.

თავად დავით ქაცარავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას და ფოტომასალას აქვეყნებს შემდეგი ტექსტით:

“როგორც ერთ-ერთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ, ავტობანის თავზე ოკუპანტებმა მოაწყვეს საგუშაგო (ეს საგუშაგო საკმაოდ დიდი ხანია განლაგებული) და აღჭურვეს საკმაოდ მძლავრი სოლარ სისტემით, სათვალთვალო კამერით და გადამცემი ანძით.

ჩვენ ამ საგუშაგოს დიდი ხანია ვაკვირდებით და ცოცხალი ძალა უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა კონკრეტულ ლოკაციაზე, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ეს საგუშაგო ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და შეიძლება ემსახურებოდეს შესაბამის რადიოლოკაციური გადაჭერის მიზნების განხორციელებას”.

ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს, ასევე, შერიგების მინისტრი თეა ახვლედიანი.

„შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და ჩვენ, ბუნებრივია, ვგმობთ ნებისმიერ პროვოკაციულ აქტივობას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ჩაერთო საკითხში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამოქმედდა ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას.“

მასალების გადაბეჭდვის წესი