ახალი ამბები

თბილისში სალონი თვეში ერთხელ პენსიონერებს თმების უფასოდ შეჭრას სთავაზობს

30 მაისი, 2021 • 1565
თბილისში სალონი თვეში ერთხელ პენსიონერებს თმების უფასოდ შეჭრას სთავაზობს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სალონი “აფინა” თვეში ერთხელ პენსიონერებს თმის შეჭრას უფასოდ სთავაზობს.

ყოველი თვის 14 რიცხვში პენსიონერებს 10:00-დან 14:00 საათამდე შეუძლიათ მისვლა და თმის უფასოდ შეჭრა.

სალონის მფლობელი მაია კოკაია, რომელიც ამავე დროს სტილისტიც არის,  გვეუბნება რომ ორი წლის წინ რუსეთიდან საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა და ახლა პატარა სალონი აქვს, სადაც ამ ეტაპზე მხოლოდ ის მუშაობს. რაც შეეხება პენსიონერებისთვის უფასოდ თმის შეჭრის საკითხს, მისი თქმით, რუსეთში მუშაობის პერიოდში იქ მსგავს შეღავათს უკეთებდნენ პენსიონერებს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მანაც გადაწყვიტა ერთი დღე პენსიონერებისთვის უფასოდ შეეჭრა თმა. გვეუბნება რომ კლიენტები ძირითადად სალოსის ქუჩის მაცხოვრებლები და მიმდებარე ქუჩებიდან ჰყავს.

მაია კოკაია/ფოტო: ნეტგაზეთი

“დიახ, ეს აქ უცხოა, მაგრამ 30 წელზე მეტი რუსეთში ვცხოვრობდი და იქ პენსიონერებისთვის ძალიან ბევრი შეღავათია. ვალდებულება გაქვს, რომ თვეში რამდენიმე საათი პენსიონერებს დავუთმო. ამიტომ, თვეში ერთხელ მოდიოდნენ პენსიონერები, 9-დან ვიწყებდით მათ მომსახურებას და 15:00 საათზე ვამთავრებდი. უკვე ორი წელია საქართელოში ჩამოვედი, ერთი წლის წინ აქ გავხსენი სალონი. კორონავირუსის დაწყებამდე კვირაში ერთხელ მქონდა პენსიონერებისთვის უფასო მომსახურება 10:00-დან 14:00 საათამდე, თუმცა ვირუსის გამო, ძალიან გაგვიჭირდა.. ამიტომ, თვეში ერთი დღე მაინც გამოვყავი, რომ რაღაცნაირად დავეხმარო მათ. შემიძლია დაგპატიჟოთ 14 ივნისს 10:00 საათზე და დარწმუნდებით რამდენი ხალხი მოდის. ზოგჯერ 3, ზოგჯერ კი 10-ზე მეტი ადამიანი მსტუმრობს. “დირსის” დასახელებიდანაც მოდიან, მოსკოვის გამზრიდანაც. როცა მოდიან გაოცებულები არიან… ჩვენთან ასე უფასოდ არ არისო.. ზოგს რცხვენია სულ ისე მოსვლა და შოკოლადი, ყავა მოაქვს, მაგრამ ვეუბნები რომ არ შეიძლება, რადგან ღვთის წინაშე ქველმოქმედება ასე არ ჩამეთვება-თქო.”

მაია კოკაია/ფოტო: ნეტგაზეთი

მაია კოკაიას ვკითხეთ რატომ შეარჩია 14 რიცხვი, რაზეც გვითხრა რომ ამ დღეს ქვეყანაში მოქალაქეებს პენსია ერიცხებათ და ისინიც პენსიის ასაღებად გამოდიან. სალონის მფლობელი ამბობს, რომ თუ კლიენტების რაოდენობა გაეზრდება და მიმდინარე ხარჯების დაფარვა შეძლო, სურს უფასოდ პენსიონერების გარდა, სოციალურად დაუცველებსაც მოემსახუროს. “ყოველთვის ვამბობთ რომ მთავრობამ უნდა მისცეს ხალხს.. მოდით, ჩვენც გავაკეთოთ ისეთი, რომ ჩვენს მოხუცებს შევუმსუბუქოთ ცხოვრება, რითიც შეგვიძლია. ზოგჯერ როცა ბევრნი მოსულან 2-ის მაგივრად 3 საათამდეც გადამიწევია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი