2017 წლიდან კასპში ინკლუზიური, ადაპტირებული სოციალური საწარმო “წნული” არსებობს. საწარმოში წნელის, ხისა და ლითონისგან ამზადებენ 40-ზე მეტი სახეობის პროდუქტს, მათ შორის: თეფშებს, კალათებს, სანათებს, ჩანთებს, დაწნულ ავეჯს ინტერიერისა და ექსტერიერისთვის და სხვა საყოფაცხოვრებო, ორიგინალური ვიზუალის ნივთებს.

წნულის მიერ დამზადებული ნივთები

საწარმოში დასაქმებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუშაობის დაწყებამდე კვალიფიკაციისთვის წინასწარ გადიან მოსამზადებელ ეტაპებს.

კომპანიის დამფუძნებლის, დავით პარკაძის თქმით, ამჟამად დანერგეს სასწავლო მეთოდი მხედველობის არმქონე ადამიანებისთვისაც, “წნულის” მიზანია, შექმნას ინდივიდუალური მიდგომები ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რაც მათი თქმით ხდის სივრცეს გამორჩეულსა და ინკლუზიურს.

“გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ბიზნესმოდელი , რომელიც გარანტირებულად მოიტანდა შემოსავალს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, იქნებოდა შემოქმედებითი, საინტერესო და ამავდროულად გახდებოდა სივრცე დიალოგისთვის, თვითორგანიზებისა და თანამშრომლობისთვის” – ამბობს დავითი.

ამჟამად წნულის საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული. ისინი მუშაობენ როგორც საკუთარი იდეების და კომპანიის მიმდინარე ხაზის განვითარებაზე, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებზე. საბოლოო ნაწარმი ვრცელდება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში, როგორც ინდივიდუალურად ონლაინგაყიდვების გზით, ასევე კორპორატიულად, კომპანიებთან თანამშრომლობით.

ცხოველის დაწნული სკულტურები

“მაგალითად ერთ-ერთი მსგავსი თანამშრომლობით შეიქმნა ცხოველების ფიგურები, რომლის სულ 5 სკულპტორი არსებობს მსოფლიოში და ერთ-ერთი ჩვენს საწარმოშია დასაქმებული.

დიდი დაინტერესება არის უცხოური ბაზრის მხრიდანაც, მაგალითან ამერიკაში, დანიაში. ამჟამად აქტიურად ვეწევით ნედლეულის კულტივაციას, გამრავლებას, რათა შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება და პროდუქციის საექსპორტოდ წარმოება”

წნულმა 2016 წელს საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერ კონკურსში 154 მონაწილეს შორის გაიმარჯვა, რითიც მოიპოვა “სიცოცხლის ხის” 50 000-ლაიანი გრანტი. ამ თანხით მათ შეძლეს შენობის გარემონტება და ადაპტირებული სივრცედ ქცევა:

“ძალიან კარგმა მენეჯმენტმა განაპირობა ის, რომ დავიმსახურეთ ნდობა, ამდენ ადამიანს შორის მოვიპოვეთ დაფინანსება. იმ დღის შემდეგ არ გაწყვეტილა კავშირი ჩვენსა და საქართველოს ბანკს შორის. ისინი მუდმივად მხარში გვიდგანან ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენს პოპულარიზაცის ეწევიან, რაც სტარტაპისთვის ჩვენს ქვეყანაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” – აცხადებს დავით პარკაძე.