ახალი ამბები

“ენკასთვის ვკეტავთ ხეობას” – ვარლამ გოლეთიანი

27 მაისი, 2021 •
“ენკასთვის ვკეტავთ ხეობას” – ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეები აპირებენ გადაკეტონ რიონის ხეობაში შემავალი გზები, რათა ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს არ მისცენ გადაადგილებისა და მშენებლობის გაგრძელების უფლება.

გოლეთიანის განცხადებით, პროტესტის მონაწილეები გზის ჩაკეტვას გააგრძელებენ იქამდე, “სანამ საჭირო იქნება”.

“რამდენიც საჭიროა, იმდენი ხანი გაგრძელდება [გზის ბლოკადა]. დამერწმუნეთ, რომ ეს კომპანიას უფრო ეჩქარება, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ვკეტავთ გზას კომპანიისთვის. მათი სპეცტექნიკა ვეღარ შემოვა”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ხეობაში შემავალი ყველა გზა ჩაკეტილია.

“რაჭის მხრიდან შემოსასვლელი ლეჩხუმში გადაკეტილია და აქაც, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ხეობაში შესასვლელი ჩაიკეტება უშუალოდ კომპანიისთვის. ადგილობრივ მოსახლეობას არ შეექმნება პრობლემა”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან სოფელ გუმათში დღეს, 26 მაისის ღამეს დაბრუნდნენ.

რიონის ხეობაში მობილიზებულია საპოლიციო ძალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი