ახალი ამბები

აქცია იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრების დანიშვნის წინააღმდეგ

26 მაისი, 2021 • 865
აქცია იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრების დანიშვნის წინააღმდეგ

მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსმართლეთა არჩევის პროცესს აპროტესტებენ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესები სასამართლო სისტემაში “კლანის” გაძლიერებას უწყობს ხელს. მათი თქმით, მოსამართლეთა არჩევა ამ ეტაპზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება, რომლის ერთ-ერთ პუნქტი სწორედ მართლმსაჯულების სისტემას შეეხებოდა.

სამოქალაქო მოძრაობა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, უნდა მომხდარიყო იმ პროცესების საპირისპირო, რაც დღეს მოსამართლეთა კონფერენციის ფარგლებში მიმდინარეობს:

“დოკუმენტზე ხელმოწერების შემდეგ გაჩნდა ჩემთვის ილუზია, რომ როგორც მინიმუმ, მართლმსაჯულების სისტემის მიტაცების პროცესი შეჩერდებოდა. ამას მოწერა ხელი” ქართულმა ოცნებამ”, რომ ეს [4 მოსამართლე წევრის არჩევა] ახლა არ უნდა მომხდარიყო, უნდა შეცვლილიყო წესები და ამის მიხედვით ახლებურად დაკომპლექტებულიყო იუსტიციის საბჭო. ეს არის, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების მიტაცება, მეორე მხრივ, შეთანხმების ფონზე კიდევ უფრო მძიმეა, რადგან ეს შეთანხმების დარღვევაა” ,- განმარტა ხოშტარიამ.

ამ ეტაპზე იუსტიციის საბჭოს 4 არამოსამართლე წევრის არჩევას შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს მოძრაობა” სირცხვილიაც”. მისი წარმომადგენლის, ზუკა ბერძენიშვილის თქმით, სასამართლო” კლანი” მმართველი პარტიის დახმარებით პოზიციების განმტკიცებას ცდილობს.

“იქამდე, სანამ შემუშავდება ახალი წესები, “კლანი” ცდილობს მოასწროს პოზიციების განმტკიცება. ასეთი პროცესი  “ქართულ ოცნებას” აქცევს შარლ მიშელის დოკმენტის მიღმა და შესაბამისი პასუხების გაცემა მოუწევს. თუმცა, მეორე მხრივ, უცხოელი პარტნიორების მხრიდან იმაზე მეტი ვერ გაკეთდება, რაც გაკეთდა, ამიტომ ახლა ამ ქვყენის მოქალაქეებმა უნდა ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტია” ლელოს” წარმომადგენლებიც. აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, მიმდინარე პროცესებს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევად მიიჩნევს პარტიის წევრი კახა კოჟორიძეც.

მისი გამცხადებით, დღეს იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა მიანიშნებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკური მართლმსაჯულების გარეშე ხელისუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებდა: “დღეს, 26 მაისს, დამოუკდიებლობის დღეს, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა სასამართლოს ოკუპაცია. კარგად ვიცით, რომ ეს რეჟიმი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე დგას და ცდილობენ მის საბოლოო ჩაბეტონებას. ეს არის ნათელი მაგალითი, იმისა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების გარეშე ისინი ხელისფლებას ვერ შეინარჩუნებდნენ”, – განაცხადა კოჟორიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი