გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი, ყველაფერში ჰქონდეს უნდობლობა ივანიშვილის მთავრობის მიმართ, ბრაზი, რომ ხელისუფლება არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად  მოქალაქეების მიმართ და ამის გამო ბევრი გულწრფელი მოქალაქე  სხვადასხვა ფორმით იყოს პროტესტის ნაწილი.

ბოკერიას თქმით, მიუხედავად ამისა, ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტის მთავარი გზავნილი არის, ერთი მხრივ, ბრძოლა უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, კამპანია კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ.

ბოკერიას განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და გარემოცვის. ჩვენ გვაქვს საფუძველი ბრაზის ამ მთავრობის მიმართ, იმის გამო, რომ ისინი არ გრძნობენ საერთოდ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების წინაშე და მე ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო ბევრი ჩვენი გულწრფელი მოქალაქე იყო ამ პროტესტის ნაწილი ამ კვირების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ეს არის, ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, უმრავლესობისაგან კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, არა კამპანია მთავრობის კორუფციისა ან ზოგადად მთავრობის წინააღმდეგ. სწორედ ზემოთ ხსენებული გზავნილებია მათი ძირითადი გზავნილები”, – აცხადებს გიგა ბოკერია.

“ვიმეორებ, კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების მიმართ, უმრავლესობისაგან განსხვავებულის, და, მეორე მხრივ, კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ჰქონდეს ყველა შანსი საკუთარი შრომით ბედნიერებისაკენ სწრაფვის და რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად ჩვენ შორის განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად იცხოვრებს. ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი. ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობილებებს. ეს არის სამწუხარო ფაქტი.

მე მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აჰყვნენ ცდუნებას, რომ აი, იცი, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს.

ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისათვის, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის და დიახ, ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აჰყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რიონის ხეობაში, კარვებში, 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა თბილისში გადაინაცვლეს.

“ბრძოლა იწყება აქ და ახლა და ჩვენ მას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელოვანია, განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”, — მიმართა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით დააანონსეს:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თუმცა უშუალოდ აქციაზე მოთხოვნებს დაემატა მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით. ასევე, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ხელს აწერს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.