ახალი ამბები

ევროპარლამენტი უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენს ხედვას ჟან მონეს დიალოგზე — ბოჭორიშვილი

25 მაისი, 2021 • 1179
ევროპარლამენტი უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენს ხედვას ჟან მონეს დიალოგზე — ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ხედვას საქართველოსთან ჟან მონეს დიალოგის წარმართვაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ “პარტიები იზრუნებენ “ჟან მონეს დიალოგის” ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან”.

ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისა და დემოკრატიისთვის არის ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგის ინსტრუმენტი. ამ ფორმატის გააქტიურება ნიშნავს ევროპელი კანონმდებლობის მეტ ჩართულობას საქართველოში პარტიებს შორის დიალოგსა და კრიზისის მედიაციაში.

“ჟან მონეს დიალოგის დაწყება დგას დღის წესრიგში. ევროპარლამენტის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენს ევროპარლამენტის ხედვას პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩართულობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ვფიქრობთ, შესაძლებელია, ევროკავშირის ეს მექანიზმი გამოვიყენოთ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის წარმართვისთვის და ყველას ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი”, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან შეაჯამა ბრიუსელში პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი.

“შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელმა შვებით ამოისუნთქა და მიესალმება კრიზის დასრულებას საქართველოში. მოლოდინია, რომ ამ დროისთვის პარლამენტის მიღმა დარჩენილებიც გადაწყვეტენ პარლამენტში შემოსვლას და მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში. პირველი საკითხი, რაც დღის წესრიგში დგას, საარჩევნო რეფორმაა და ბრიუსელში მოელიან, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს ექნება პოლიტიკური პარტიების ფართო მხარდაჭერა”, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემდგომი ლიკმუსის ტესტი იქნება საქართველოსთვის, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს სთხოვა დამკვირვებელთა მისიის გამოგზავნა.

მაკა ბოჭორიშვილის აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მიმდინარე შემაშფოთებელი მოვლენები ბრიუსელში ცვლის ხედვებს რეგიონთან  და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

“დღეს უკვე აღარ ჭირს საუბარი ასოცირებულ ტრიოზე და განსხვავებული მიდგომების საჭიროებაზე, რაც დამატებით შესაძლებლობის ფანჯარას აჩენს ჩვენი ქვეყნისთვის… ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოში წარმართვა იმისთვის, რომ არ გავფლანგოთ მცირედი შესაძლებლობაც კი, რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში”, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი